ეკრანიზაცია

დიკენსის უძველესი ეკრანიზაცია

დიდ ბრიტანეთში ჩარლზ დიკენსის ნაწარმოების უძველესი ეკრანზაცია აღმოაჩინეს. ფირის სახელწოდებაა ,,საბრალო ჯოს სიკვდილი“ (The Death of Poor Joe). ამის შესახებ ინფორმაცია 9 მარტს BBC News-მა გაავრცელა.

ფირი 2012 წლის თებერვალში კინოს ბრიტანული ინსტიტუტის (BFI) მცველმა - ბრაიონი დიქსონმა აღმოაჩინა. მისი სიტყვების თანახმად, ფილმი, რომელიც 1901 წლის მარტით თარიღდება, ბრწყინვალე მდგომარეობაშია შემონახული.

„საბრალო ჯოს სიკვდილი“ გადაღებულია დიკენსის რომანის „ცივი სახლის“ მოტივების მიხედვით. ის ერთი წუთი გრძელდება და ერთადერთი ეპიზოდისგან შედგება, კერძოდ: ფირზე აღბეჭდილია უსახლკარო ბიჭუნა, რომელიც თოვლში იღუპება. კინოს ბრიტანული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, ფილმი კინოს ერთ-ერთი პიონერის - ჯორჯ ალბერტ სმიტის მიერ არის გადაღებული, სადაც ჯოს როლს მისი მეუღლე - ლორა ბეილი ასრულებს.

2012 წელს დიდი ბრიტანეთი დიკენსის დაბადებიდან 200 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, კინოს ბრიტანულ ინსტიტუტში მოეწყობა საზეიმო ჩვენებები, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს არქივებში აღმოჩენილ ფირებსაც უჩვენებენ.

დღემდე ჩარლზ დიკენსის ყველაზე ძველ ეკრანიზაციად „საშობაო სიმღერის“ მიხედვით, 1901 წლის ნოემბერში გადაღებული ფილმი ითვლებოდა, მაგრმა ახლახანს გაკეთებულმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ხელთ უფრო ადრეული ეკრანიზაცია გვაქვს. მისი ნახვის სურვილი უკვე ბევრს გაუჩნდა.

ჩარლზ დიკენსის სახელს ცოტა ხნის წინათ ჩატარებული კვლევაც უკავშირდება. 2012 წლის თებერვალში ბრიტანელებმა მწერლის პერსონაჟებიდან ყველაზე საყვარელი გმირი გამოავლინეს. ასეთი „საშობაო სიმღერის“ მთავარი პერსონაჟი - ებენეზერ სკრუჯი აღმოჩნდა. The Guardian-ი გვამცნობს, რომ სკრუჯი ლიდერი ბრიტანულმა წიგნის საიტ Penguin-ის ინიციატივით ჩატარებული გამოკითხვით გახდა.

ზემოთ აღნიშნული გამოკითხვის შედეგად, მეორე ადგილზე აღმოჩნდა მის ხევიშემი რომანიდან „დიდი იმედები“, ხოლო მესამეზე - სიდნეი კარტონი ნაწარმოებიდან „მოთხრობები ორი ქალაქის შესახებ“. გამომცემლობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ათიდან შვიდი პერსონაჟი, რომელიც ბრიტანელებმა განსაკუთრებით შეიყვარეს, უარყოფითი გმირები არიან.

ჩარლს დიკენსის ბიოგრაფი კლერ ტომალინი მკითხველის სიმპატიას ბოროტმოქმედი პერსონაჟების მიმართ თავისებურად ხსნის და აცხადებს, მწერალმა ისინი ისეთი განსაკუთრებული ენერგიით დააჯილდოვა, რომ მათ გვერდით დადებითი გმირებიც კი დაიჩრდილენო...

 

კომენტარები