განათლების სისტემა

53- ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლე 77-ე სკოლაშია რეგისტრირებული

განათლების და მეცნიერების  სამინისტრო გამოეხმაურა 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მოსწავლის თაობაზე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სკოლიდან გარიცხვის შემდეგ მას შეეზღუდა განათლების მიღების უფლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა  ანა ქებაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ მიხეილ ალექსიძე არის რეგისტრირებული თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში, მისი ოჯახი ამის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ალექსიძე აღნიშნულ სკოლაში არ ცხადდება.” თუ მიხეილ ალექსიძეს და მის ოჯახს არს სურს 77-ე სკოლაში სწავლა, რამდენიმე სკოლა დღესაც გამოთქვამს მზადყოფნას მიიღონ ეს მოსწავლე”, - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა და მიუთითა თბილისის მე-20-ე და 122- ე საჯარო სკოლები, სადაც შინაგანაწესიდან გამომდინარე მოსწავლის ჩარიცხვის დროს არ არის საჭირო გამოცდების ჩაბარება.

ალექსიძეს 24-ე სკოლაში სწავლის გაგრძელებას სთავაზობს თბილისის 24-ე საჯარო სკოლაც, იმ შემთხვევაში თუ ის სკოლის შინაგანაწესიდან გამომდინარე გაივლის გასაუბრებას.

მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს. საქმე ეხება სკოლაში მომხდარ ინციდენტს, რის გამოც სკოლის დირექტორმა, ტარას შავშიშვილმა პოლიციაში განაცხადა. დირექტორი მოსწავლეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. მისი განცხადების საფუძველზე საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.

გასული წლის მიწურულს ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის საკითხი შეისწავლა სახალხო დამცველის აპარატმა, რის შემდეგაც სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიმართა რეკომენდაციით უზრუნველეყო ალექსიძის ” დარღვეული განათლების უფლების აღდგენა, ” სახალხო დამცველმა მაშიმ მოითხოვა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართაც, რადგან მიიჩნია, რომ 53-ე სკოლაში მოსწავლის მიმართ დისციპლინური დევნა არ განხორციელდა ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურების დაცვით.

 

კომენტარები