ეპისტოლოგია

შტეფან ცვაიგის უკანასკნელი წერილი

ისრაელის ნაციონალურმა ბიბლიოთეკამ  ავსტრიელი-ებრაელი მწერლის, შტეფან ცვაიგის  წერილები გამოაქვეყნა. დოკუმენტები, რომელიც ბიბლიოთეკის ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი, შეიცავს ხელნაწერსაც, რომელიც ავტორმა თვითმკვლელობის წინ დატოვა. წერილები, რომლებიც ცვაიგის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი, აღწერს  მწერლის მიმოწერას ისეთ ცნობილ პიროვნებებთან, როგორებიც ალბერტ აინშტაინი და ზიგმუნდ ფროიდი არიან.

ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებული მასალები ცხადყოფს, რომ ცვაიგის თვითმკვლელობის მიზეზი მისი ეკონომიკური მდგომარეობა კი არ გახდა, არამედ ის რასაც მწერალი იმ პერიოდში  ხედავდა და განიცდიდა - ევროპული კულტურის გაუფასურებას.  ცვაიგი მიიჩნევდა, რომ მეორე მსოფლიო ომმა გააქრო თავისუფლება და იმედი, მოსპო ჰუმანიზმი.   მწერალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 1942 წლის 22 თებერვალს, ბრაზილიაში დაასრულა, სადაც იგი ნაცისტებმა გადაასახლეს მშობლიური ავსტრიიდან.

წერილი, რომელიც ცვაიგმა თვითმკვლებობამდე დაწერა, ისრაელის ბიბლიოთეკას 90-იან წლებში ებრაელმა ექიმმა გადასცა. იგი ესწრებოდა მწერლის საქმის განხილვას, როდესაც, სწორედ,  ამ წერილით დადასტურდა, რომ ცვაიგმა ნამდვილად მოიკლა თავი.

„მანამ, სანამ სიცოცხლეს საკუთარი სურვილით გამოვემშვიდობები, მინდა მადლობა ვუთხრა ბრაზილიას, რომელმაც მე და ჩემი შემოქმედება ასეთი დიდი სიყვარულით მიგვიღო. ბრაზილიაზე უკეთეს თავშესაფარს ვერსად ვიპოვიდი, მას შემდეგ, რაც ჩემი კულტურული სამშობლო, ავსტრია სიგიჟემ მოიცვა.“ - წერდა ცვაიგი.

კომენტარები