ოშკი და იშხანი

ოშკის და იშხანის გადასარჩენად

წლის 17-18 თებერვალს,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მოეწყო ექსპედიცია. მიზანი იქ არსებული უნიკალური სამონასტრო კომპლექსების მდგომარეობის კვლევა-მონიტორინგი იყო. დასკვნა, ძალიან მოკლედ, ასეთია: დაზიანებულია ოშკის საყრდენი სტრუქტურები, გამონგრეულია გუმბათის ჩრდილო-დასავლეთის აფრა, მთლიანად არის დაბზარული გუმბათის ყელი. სამხრეთ-დასავლეთ კარიბჭის  სვეტი ჰაერშია გამოკიდებული, დაბზარულია გრძივი კედლები. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია იშხანიც. ყველა კამარა ჩაქცეულია, გუმბათი კი მხოლოდ და მხოლოდ სვეტებზე დგას.

შეგახსენებთ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თურქეთის მხარესთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმად თურქეთის მხარე ქართველ სპეციალისტებთან ერთად  დაიწყებს მუშაობას ქართული უმნიშვნელოვანესი ძეგლების - ოშკის და იშხანის - რესტავრაციაზე,  სანაცვლოდ კი  საქართველოს მხარე ბათუმში, აზიზეს მეჩეთის მშენებლობისათვის გამოყოფს ტერიტორიას და ქართველი მშენებლები თურქი სპეციალისტების დახმარებით ახალციხეში, აჰმედის  მეჩეთს აღადგენენ.

თურქეთის მხარესთან მიღწეული ამ  შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის საქართველოს საპატრიარქო. მის მიერ ორიოდე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში  ვკითხულობთ: „ვითხოვთ, უძველეს ქართულ საეპისკოპოსო ქალაქ არდაშენში (ლაზეთის მხარე) მცირე ზომის ბაზილიკის ჩვენი თანხებით აღდგენა-ამოქმედებას და ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში მეჩეთებისა და ტაძრების რესტავრაციაზე საუბარს ჩვენი მონაწილეობით. ხოლო, თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც მიუღებელია ოშკის და იშხანის  გადარჩენის საბაბით, ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზეს მეჩეთის მშენებლობა.“

 

 „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და დაღუპვისათვის,  პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო...“ ექვთიმე თაყაიშვილი.

1902-1907-1917 წლებში უმნიშვნელოვანესი ექსპედიციები მოეწყო  ისტორიულ  ტაო-კლარჯეთში. ექსპედიციებს ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. მას თან ახლდა ლადო გუდიაშვილიც, რომელიც იხსენებდა:  ძნელად მისადგომ კედლებზე ავცოცდებოდით და  იქიდან ანბან-ანბან ვკარნახობდით ბატონ ექვთიმეს წარწერის სიტყვებსო.
მაშინ, დაწვრილებით აღიწერა:  ოშკი, ბანა, იშხანი, ხახული, ანჩა, ტბეთი, პარხალი. მოგვიანებით კი  თაყაიშვილი ქართულ ემიგრაციას მიმართავდა: „დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისკენ და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს. თანა მაქვს, სხვათაშორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოში და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი, მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომლებიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია  და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და  გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს ალბომად, მაგრამ ეს იმედი ახლა გაქრა, ამაზე ოცნებაც მეტია...“
გასული საუკუნის დასაწყისში ჩატარებული უმნიშვნელოვანესი ექსპედიციებიდან საუკუნის გავლის  შემდეგ, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საგულდაგულოდ აღწერილი ოშკი, X  საუკუნის  უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) საზედამხედველო განადგურების პირას მყოფ ძეგლთა სიაში მოხვდა. თურქეთის ტერიტორიაზე, უმძიმეს მდგომარეობაშია უძველესი იშხანიც - რომელიც გამოირჩევა  ორნამენტის მრავალფეროვნებითა და  სიმდიდრით.
საპატრიარქოს  განცხადების საპასუხოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტრომ გუშინ განმარტა: „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოდის მოსაზრებიდან, რომ ამ ძეგლების განადგურება ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა ქართველი ერისთვის.“
სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზიზეს მეჩეთი, რომელიც დღეისთვის სრულად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება  ისტორიული მასალების მიხედვით  და საქართველოს და თურქეთის შეთანხმება აღდგენილი ძეგლების კულტურულ ცენტრებად ფუნქციონირებას გულისხმობს.

კომენტარები