სოლომონის კუნძულები

მინისტრი მოხსნეს რუსეთთან ურთიერთობებში შესვლის მცდელობისთვის

 9 თებერვალს სოლომონის კუნძულების საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ შანელი დაითხოვეს. ამის მიზეზი გახდა  შანელის მიერ  ორი დღით ადრე  გაკეთებული განცხადება , რომლის  თანახმად  მისი ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს  დაამყარებდა.

 Island Sun-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ დარსი ლილომ აღნიშნა, რომ ,,სოლომონის კუნძულები, როგორც განვითარებადი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან ახალი დიპლომატიური ურთიერთობების აგებამდე, შეეცდება პარტნიორობა გააღმავოს მის ტრადიციულ მოკავშრეებთან“. მანვე  თქვა, რომ შანელმა მოსკოვთან მოლაპარაკებები მინისტრთა კაბინეტის კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპის გათვალისწინების გარეშე დაიწყო. კერძოდ, იგი  ცოტა ხნის წინ  ფიჯის რესპუბლიკაში  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

 რუსეთს სურვილმა, დაემყარებინა დიპლომატიური კავშირები სოლომონის კუნძულებთან, სპეკულაციები წარმოშვა. გავრცელდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა აღნიშნული კუნძოლოვანი სახელწმიფო ვანუატუს, ტუვალუსა და ნაურუს შემდეგ აღოჩნდეს შემდეგი, რომელიც დახმარების სანაცვლოდ, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნობს. თუმცა, თავად შანელიც უარყოფდა აღიარების პერსპექტივებს და აცხადებდა, რომ ამ რეგიონებ მისი ქვეყანა მხარს არ უჭერდა.

აღსანიშნავია, რომ ლილოს მთავრობისთვის შანელის გაშვება შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს. იგი საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს და მისი ოპოზიციაში წასვლა მმართველი ძალისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება. ეს გავლენას მოახდებს მთავრობის სტაბილურობაზეც. უცნობია, რამ იმოქმედა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, დაეთხოვა საკუთარი მინისტრი. ექსპერტები, რომლებიც მიზეზად რუსეთთან ურთიერთბის დაწყების მცდელობას ასახელებენ, ამტკიცებენ, რომ ამაში ავსტრალიის ფაქტორმაც იმოქმედა. ეს უკანასკნელი საკმაოდ ფრთხილად შეხვდა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ლავროვის ვიზიტებს. 

 

კომენტარები