საქართველო - აშშ

სააკაშვილმა ობამას 1918-21 წლების დოკუმენტების ასლები უსახსოვრა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 იანვარს გამართულ შეხვედრაზე   აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას    1922 წელს,  პარიზში გამოცემული  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის და 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სასაჩუქრე გამოცემის  ასლები უსახსოვრა.   ეს საჩუქრები  საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის ისტორიულობის საილუსტრაციოდ  შეარჩიეს. 

ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე მიღებულ კონსტიტუციაში, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ასახა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული ისეთი ნორმები,   რომელთა  დამკვიდრებაც  ძველმა დემოკრატიებმა წლების შემდეგ დაიწყეს (მაგალითად საფრანგეთში ქალთა საარჩევნო უფლება შემოღებული იქნა 1945 წელს).  სამწუხაროდ, საბჭოთა  ოკუპაციის ხანგრძლივმა პერიოდმა,   საქართველო ათწლეულებით ჩამოაშორა საკუთარი ხალხის ისტორიულ არჩევანსა და ბუნებრივი განვითარების გზას.

ბარაკ ობამასთვის გადაცემილი   საქართველოს  კონსტიტუცია წარმოდგენილი იყო  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ ფოტოგამოფენაზე, რომელსაც  ცოტა ხნის წინ,  ლონდონში  დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უმასპინძლა.  ეს    ფოტოგამოფენა ასახავდა  საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნას, მის დემოკრატიულ მიღწევებს, 1919 წელს ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებს, საქართველოს საერთაშორისო აღიარებას და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებას.

გამოფენა ლონდონში   გახსნეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა: ლაიამ ფოქსმა, დენის მაკშეინმა და ემა რეინოლდსმა,  საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში  გიორგი ბადრიძემ , ასევე  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და გამოფენის ავტორმა, გიორგი კანდელაკმა. ტონი ბლერის კაბინეტის ევროპის მინისტრმა დენის მაკშეინმა მაშინ  ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიულ მიღწევებს, რომლებიც, მაგალითად, ქალთა საარჩევნო უფლება და სიკვდილით დასჯის გაუქმება – ევროპის ძველმა დემოკრატიებმა ,მხოლოდ , მოგვიანებით განახორციელეს. მაკშეინმა აღნიშნა, რომ   პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულობას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.

კომენტარები