რუსეთი

შპს კრემლი

კორპორატიული სახელმწიფოს – რუსეთი,inc-ის, როგორც ამერიკელი ეკონომისტი კლიფორდ გედი უწოდებს, მშენებლობა პუტინმა რვა წლის წინ, ნოვოსიბირსკის აეროპორტში, იმ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებით დაიწყო. პუტინის ხელისუფლებამ მას ЮКОС-ის აქციების ნაწილი საგადასახადო ბრალდებით ჩამოართვა. მოგვიანებით კომპანიის ძირითადი აქტივიც გაუყიდეს. ამით რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პოლიტიკური ოპოზიციის მთავარი სპონსორი და ყველაზე ძლიერი ალტერნატიული ძალა ჩამოიშორა.

2000 წელს, ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში, პუტინის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო საწარმო Росспиртпром-ი, რომელშიც გაერთიანდა ქვეყნის ალკოჰოლური ინდუსტრიის აქციების 70%. მის მმართველად პრეზიდენტის ბავშვობის მეგობარი, საზოგადოებისთვის უცნობი, სერგეი ზივენკო დაინიშნა. მოგვიანებით, პრეზიდენტის მაშინდელმა მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა, რომ საწარმოს შექმნის შესახებ ინფორმაცია მას და ფინანსთა მინისტრს არ ჰქონდათ.

იმავე წელს, პრეზიდენტმა ქვეყნის ბიუჯეტის ძირითადი წყარო Газпром-ი სამართავად თავის ყოფილ ხელქვეითებს – დმიტრი მედვედევს და ალექსეი მილერს გადასცა.

ილარიონოვის თქმით, პუტინს გარემოცვა ორ კატეგორიად ჰყავს დაყოფილი, ერთი არის „ეკონომიკური ჯგუფი”, რომელთანაც განიხილავს ეკონომიკურ საკითხებს და მეორე – „ბიზნესმენები”, რომელთა საშუალებითაც ახორციელებს კონტროლს ქვეყანაში არსებულ ქონებასა და ფინანსებზე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ორივე კატეგორიაში შედის, იგორ სეჩინია, პუტინის შეუცვლელი თანამოაზრე, როგორც სანკტ-პეტერბურგის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ასევე კრემლში.

რუსი ექსპერტების თქმით, პუტინის კლანი 4,5 ტრილიონის აქტივს აკონტროლებს, რაც რუსეთის წლიური მშპ-ის 10-15%-ია.

კორპორატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გავლენიან გუბერნატორებს, სახელმწიფო დუმას, დამოუკიდებელ მედიას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოლიგარქებს შორის გადანაწილებული ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევა იყო საჭირო. ვლადიმირ პუტინმა ამას ეტაპობრივად მიაღწია. 2000 წელს, პუტინის ბრძანებით, რეგიონებში პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობა მიიღეს, რასაც გუბერნატორების არჩევით დანიშვნის გაუქმება, რეფერენდუმის ჩატარებისა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნისთვის ბარიერების დაწესება მოჰყვა.

პუტინის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრ ვოლოშინის, პრემიერ-მინისტრ მიხაილ კასიანოვის გადაყენებისა და РАО ЕЭС-ის ლიკვიდაციის შემდეგ, „ფორმიანებმა” ელცინის კლანი სრულად ჩაანაცვლეს.

მაღალ თანამდებობებზე საბჭოთა კავშირის უშიშროების ორგანოების КГБ, ГРУ, МВД-ის თანამშრომლები დაინიშნენ, მათ მთავრობის სრული შემადგენლობის 42,3% დაიკავეს. მმართველი ძალის 25,6%-ს სანკტ-პეტერბურგის თანამდებობის პირები და ბიზნესმენები შეადგენენ.

78% წამყვანი პოლიტიკური თანამდებობისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის ორივე პალატასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგანოში КГБ-სთან დაკავშირებულ პირებს უკავიათ.

პუტინის ძველი მეგობრები, მანამდე ყველასათვის უცნობი გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი და ძმები როტენბერგები, მისი მმართველობის პერიოდში მილიარდერები გახდნენ.

ბანკ Россия-ს ძირითადი აქციონერი იური კოვალჩუკი ქვეყნის უმსხვილეს აქტივებს, საპენსიო ფონდ ГАЗФОНД-ს, სადაზღვევო კომპანია СОГАЗ-სა და მედიაჰოლდინგ Газпром-Медиа-ს აკონტროლებს.

რუსეთის ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, არა მხოლოდ მეგობრებზე, არამედ მათ ოჯახებსა და ნათესავებზეც იზრუნა. იური კოვალჩუკის შვილი, ბორის კოვალჩუკი, ჯერ მთავრობის ეროვნული პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა, ხოლო შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის მონოპოლის ИНТЕР РАО ЕЭС-ის მმართველად.

ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ოლეგ საფონოვს უკავია, ვალერი გოლუბევი Газпром-ის გენერალური დირექტორის თანაშემწეა, ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტს ევგენი შკოლოვი ხელმძღვანელობს. სამივე მათგანი КГБ-ს ყოფილი ოფიცერი და პუტინის ძველი მეგობარია.

ხალხი, რომლის საშუალებითაც პუტინმა კორპორატიული სახელმწიფო შექმნა, ოთხ კატეგორიად იყოფა: „ფორმიანები”, სანკტ-პეტერბურგელი ჩინოვნიკები, კოოპერატივ Озеро-ს წევრები და „თავისი ხალხი”, რომელშიც მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები შედიან. ეს ადამიანები ქვეყანაში ოთხ ძირითად სექტორს აკონტროლებენ: საფინანსო (ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, კაპიტალს), საწვავისა და ენერგეტიკის, სამხედრო სამრეწველოს, სატრანსპორტოსა და საკომუნიკაციო სექტორებს.

ეკონომიკის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებში წამყვანი თანამდებობები, ყოფილი სპეცსამსახურების ოფიცრებს უკავიათ.

პუტინის მმართველობის პერიოდში მაღალ ეშელონებში კორუფცია კატასტროფულად გახშირდა. Transparency International-ის მონაცემებით, რუსეთი აფრიკული ქვეყნების გვერდით 146-ე ადგილზეა. ქვეყანაში სამასი მილიარდის ოდენობის კორუფციული ფული ტრიალებს, რაც მშპ-ის ერთი მეოთხედის ტოლია.

სახელწიფო დუმის დასაქვემდებარებლად, 2003 წელს პუტინის პარტიამ ფინანსური და ორგანიზაციული ძალისხმევა არ დაიშურა, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და დემოკრატები პარლამენტიდან გამოაძევა.

ელცინის კლანმა პუტინს მედიის ორი მაკონტროლებელი ოლიგარქი – ОРТ-სა და НТВ-ს მფლობელები, ბორის ბერეზოვსკი და ვლადიმირ გუსინსკი გადააბარა.

ოლიგარქებთან მოლაპარაკება პუტინმა 2000 წელს დაიწყო. შეთანხმების თანახმად, პრეზიდენტი მათ ბიზნესში არ უნდა ჩარეულიყო, ხოლო ოლიგარქები – პოლიტიკურ პროცესებში.

ახალი ხელისუფლების ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბიზნესმენები მიჩვეული იყვნენ ფულით ნებისმიერი პოლიტიკური პროექტის განხორციელებას. საპასუხოდ პუტინმა ოლიგარქებზე, ბერეზოვსკიზე და გუსინსკიზე, დარტყმების სერია განახორციელა. ყველაზე მასშტაბური ЮКОС-ის საქმე იყო, რის შემდეგაც დაიწყო და დღემდე გრძელდება სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენების დაშინება. ამჟამად ოლიგარქებს პოლიტიკაში ჩარევა მხოლოდ კრემლის რეკომენდაციით, სოციალური ღონისძიებებისა და პროექტების დაფინანსებით შეუძლიათ.

რუსული კანონმდებლობით განმტკიცებული სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურა, რომელიც საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების გადანაწილებას გულისხმობს, სინამდვილისგან ძალიან შორსაა. არსებული პოლიტიკური სისტემა საბჭოთა რეჟიმის მსგავსია, სადაც მთავარი მმართველი ძალა – პოლიტბიურო – კანონით არ იყო გათვალისწინებული. პუტინის რუსეთში ის უშიშროების საბჭომ ჩაანაცვლა, რომელსაც სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტრატეგიის შემუშავების ფუნქცია აკისრია.

პუტინის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიები, კერძო ბიზნესების შევიწროების ხარჯზე, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. Газпром-ისა და РоснефтЬ-ის, ისევე როგორც სხვა მსხვილი კომპანიების, დირექტორთა საბჭოების ხელმძღვანელები, პუტინთან დაახლოებული პირები არიან.

2005 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უმსხვილესი რუსული კომპანია უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის კონტროლს დაექვემდებარა.

საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც КГБ ძირითადად უშიშროების საკითხებით იყო დაკავებული, დღეს მას ბიზნესში, პოლიტიკაში, არასამთავრობო სექტორში, რეგიონალურ მთავრობებსა და კულტურის სფეროშიც კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში КГБ ნაწილებად დაიშალა. 2000 წელს რუსეთის ახალი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში КГБ-ს შტაბბინას ესტუმრა და ყოფილ კოლეგებს ხუმრობით მიმართა, დავალება ნომერი ერთი, „სრული ძალაუფლების მოპოვება” დასრულებულიაო.

ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი მესამედი უშიშროების თანამშრომლებისგან შედგება, ძირითად გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ, დანარჩენებს კი, ვინც პუტინის „ვიწრო წრეში” არ მიიღეს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შემსრულებლის როლი აკისრიათ.

ვლადიმირ პუტინმა და მისმა გარემოცვამ რუსეთის სახელმწიფოს ტრადიციული სტრუქტურა დააბრუნეს – სტრუქტურა, რომელიც ავტორიტარული რეჟიმისგან არაფრით განსხვავდება.

 

კომენტარები