ბელორუსია

სიკვდილმისჯილის დედა ლუკაშენკას შვილის შეწყალებას სთხოვს

ბელარუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკას  შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა   ვლადისლავ კოვალიოვის   დედამ, რომელსაც    ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. მინსკში,  უმაღლესმა სასამართლომ გუშინ  ვლადისლავ კოვალიოვი და დიმიტრი   კონოვალოვი დამნაშავედ სცნო  მინსკში, გასულ აპრილში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელსაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ამდე კი დაიჭრა და ასევე,  2008 წლის  აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც  50-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.  კოვალიოვსა და კონოვალოვს სასჯელის უმაღლესი ზომა   შეუფარდეს.  ბელარუსი უფლებადამცველები   ბრალს დამტკიცებულად არ მიიჩნევენ და მოითხოვენ გამოძიების გაგრძელებას. ბრალდებულის დედა კი ლუკაშენკოსადმი  მიმართვაში  წერს, რომ რესპუბლიკის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა  სიკვდილით  უდანაშაულო ადამიანები დაუსჯიათ და წლების შემდეგ უპოვიათ ნამდვილი დამნაშავეები.

მინსკში 45 000 კაცმა მოაწერა ხელი პეტიციას, მათ ხელისუფლებას მოუწოდეს სიკვდილით არ დასაჯოს ორი ახალგაზრდა. პეტიციაზე ხელისმომწერები სასამართლოს არ ენდობიან. ბელარუსია ევროპის ერთადერთი ქვეყანაა სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს.  2 ახალგაზრდის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონმა ბელარუსიის ხელისუფლებას მოუწოდა გამოაცხადოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. 

კომენტარები