მხატვრობა

აურზაური ფიროსმანის „მწყემსის“ ირგვლივ

როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ლონდონში აუქციონზე ფიროსმანის ნახატი „მწყემსი“ 600 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ აუქციონზე ფიროსმანის ნახატის გატანა სრულიად უკანონოდ მოხდა.

მინისტრის თქმით ტილოს აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებული, შესაბამისად „მწყემსის“ როგორც გაყიდვა, ასევე ქვეყნიდან გატანა კულტურის სამინისტროსთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. შესაბამის ფაქტს კი ადგილი არ ჰქონია.

ანზორ მაძღარაშვილის, ნიკო ფოროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის განცხადებით, ტილო წლების მანძილზე დავით კაკაბაძის ოჯახში ინახებოდა, ფიროსმანის სხვა ნახატებთან ერთად. რამდენიმე წლის წინ კი კაკაბაძეებმა „მწყემსი“ რიგაში გააჩუქეს.

ნიკა რურუას თქმით ნებისმიერი ქართული ძეგლის გაყიდვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც კულტურის სამინისტროში არავის მოუთხოვია.

დაწყებულია გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, ნახატის უკანონოდ გაყიდვის დამტკიცების შემთხვევაში „მწყემსი“ კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. თავად დავით კაკაბაძის შვილიშვილი მარიამ კაკაბაძე აცხადებს, კულტურული ძეგლები ქვეყნიდან არ უნდა გადიოდეს, მაგრამ მაშინ როცა მისმა ბაბუამ ფიროსმანის ”მწყემსი” ბალტიისპირელ ნაცნობს აჩუქა ასეთი შეზღუდვები არ მოქმედებდა.

 

კომენტარები