რეიგანის თავისუფლების ცენტრი

თბილისში რეიგანის თავისუფლების ცენტრი დაარსდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მისაღებ დარბაზში  საქართველოში რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 

ვასილ სიხარულიძემ ქართული საინიციატივო ჯგუფის სახელით (ვასილ სიხარულიძე, ბათუ ქუთელია, გიორგი მუჩაიძე) და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰოიბუხმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას პარტნიორობაზე, რის შედეგადაც არსდება რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი საქართველოში. ეს არის პირველი ასეთი ცენტრი აშშ-ს გარეთ, რომელსაც ოფიციალურად მიენიჭა პრეზიდენტ რეიგანის სახელი და რომელიც იფუნქციონირებს როგორც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი.

რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი შეიქმნა როგორც   არაკომერციული და არაპარტიული  ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების, დემოკრატიის, ეფექტური მთავრობისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში. ცენტრი ხელს შეუწყობს ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოახდენს დემოკრატიული განვითარების სტიმულაციასა და უსაფრთხოების განმტკიცებას, მხარს დაუჭერს როგორც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ გამყარებას, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.

საკუთარი მიზნების მისაღწევად ცენტრი განახორციელებს კვლევით პროგრამებს, გამოცემს ნაშრომებს, ჩაატარებს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე დებატებსა და დისკუსიებს, გამოკითხვებს, მხარს დაუჭერს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას საჯარო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მათ შორის კვლევითი სამუშაოებისა ჩატარებისა და განათლების მიღებისთვის საჭირო სტიპენდიების დაარსებას. რეიგანის სახელობის  თავისუფლების ცენტრის დაფუძნების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ს დელეგაცია: რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის  წარმომადგენლებისა   და კონგრესმენების შემადგენლობით.  ღონისძიებაზე აღინიშნა რონალდ რეიგანის მეთაურობით აშშ-ს პოლიტიკის როლი  საბჭოთა კავშირის დანგრევაში, რასთან დაკავშირებით პრეზიდენტობის შემდეგ   თავად რონალდ რეიგანმა აღნიშნა, მე და ჩემი გუნდი ხელისუფლებაში ამერიკის შეცვლის ვგეგმავდით და საბოლოოდ მსოფლიო შევცვალეთო.  როგორც რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ  სიხარულიძემ აღნიშნა,   თავისუფლების იდეალები და პრინციპები, რასაც ამერიკის სახელმწიფო დაეფუძნა, ამავდროულად  არის  იდეალები, რომლებიც საქართველოს საკუთარ ადგილს დასავლეთში ანახვებს და  ანახვებდა . მისივე სიტყვებით :  ”რეიგანის თავისუფლების ცენტრი ” იმუშავებს იმ პრინციპების და ფასეულობები მხარდასაჭერად, რომელთა დამკვიდრებაც არის თავისუფლების შენარჩუნების და გრძელვადიანი სტაბილურობის     გარანტი. ”

წელს  თავისუფალი სამყარო აღნიშნავს ცივი ომის დასრულების მეოცე  წლისთავს, წელსვე  შესრულდა 100 წელი რონალდ რეიგანის დაბადებიდან.  საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” მე-8-ე წლისთავზე,   23 ნოემბერს თბილისში, რიყის პარკში  რეიგანის ძეგლი იხსნება.

 

კომენტარები