სსრკ ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

ეპიზოდი მესამე: ხმა

მეტის ღირსნი არ არიან ეგენი?! ჯავრი ხომ ვიყარეთ, თავზე დავაიმასქენით, ის ბოზები, წინააღმდეგობაც არ გაუწევიათ; კარის შენგრევის ხმაზე წამოცვივდნენ ტიტლიკანები და ავტომატებს რომ მოჰკრეს თვალი, აკანკალდნენ. გახსოვს, როგორ დაფეთდნენ ის "კუსოჩნიკები"? ჩინი როგორ გამერკვია, არაფერი ეცვათ. ტანსაცმელები და ჩექმები რომ ავაცალე და ვიდრე მაყვლის ბარდებში გადავუყრიდი, მერეღა მოვკარი თვალი იმათ სამხრეებს _ ორი ლეიტენანტი იყო, ერთი ზემდეგი. ოფიცრები უწვერულვაშო, სამხედრო სასწავლებლიდან ახალგამოჩეკილები, ლეკვებს უფრო ჰგავდნენ, ძაღლობამდე რომ დიდი დრო აქვთ დარჩენილი. როგორ წკავწკავებდნენ, მეორე ოთახში რომ შევკეტეთ ეს დედიშობილა, ამძუვნებული, თვალებგამობლეტილი სხეულები. დიახ, სხეულები, რადგან მათი ჩინობრივი პრივილეგია, ანუ ორვარსკვლავიანი სამხრეები და ზემდეგის რუსული თ-სებრი წითელქსოვილიანი განსხვავება გაქრა, აორთქლდა. ახლა ჩვენ გვქონდა დიდი უპირატესობა _ სამი ავტომატი სამ-სამი მჭიდით და განრისხებული თვალები, რომელთა ფსკერზე მოსალოდნელი იძულებითი თუ ნებაყოფლობითი დაწყვილების მოლოდინი აღბეჭდილიყო.

მეტის ღირსნი არ არიან ეგენი?! ეს მათხოვრები?! ჩვენ საბჭოურ ზნეობას გვიქადაგებენ, დილიდან საღამომდე ტ-ვნასა და შიმშილს არ გვაკლებენ, დღეგამოშვებით საგუშაგოზე გვაყურყუტებენ, ესენი კი ქალებში ერთობიან, არაყს ყლურწავენ და სასიამოვნო კოტრიალში გაჰყავთ ღამე. ისე კი გაგვიმართლა, რომ ჩვენი ნაწილიდან არ იყვნენ და სახეზე არ გვიცნობდნენ. კიდევაც რომ ვეცანით, რა ფეხებს მოგვჭამდნენ?! ვინ დაგვიმტკიცებდა, რომ ერთდროულად საგუშაგოზეც ვიყავით და ამ ქოხმახსაც თავს დავესხით, ქალები წავართვით და გავუიმასქენით? ვერავინ! ყარაულის უფროსი საიფერტი არ გაგვყიდდა, თუმცა იმ დროს მასაც ეძინა. კიდეც რომ ღვიძებოდა, მაინც არ გაგვყიდდა; მორიგე ოფიცერი თვლიდა, რომ საგუშაგოზე ვიყავით და მასაც შტაბში გულიანად ეძინა. თუ შეგვამოწმებდა, ვიცოდით, რომ შვიდ საათზე მოვიდოდა, მოვალეობას მოიხდიდა და უკან გაბრუნდებოდა. შვიდის ნახევარზე ჩვენ, ყველა აქ, საყარაულო შენობაში ან პოსტზე ვიყავით. ერთი სიტყვით, ვერ გამოგვიჭირეს. ვერც ის ლეიტენანტები და ზემდეგი გააბაზრებდნენ თავიანთი ღამეული ორგიის ამბავს. ის ქერა ზემდეგი მაინც კაცს ჰგავდა, უფრო გამოცდილი და საშიში იყო, სარცხვინელი კაცისა ჰქონდა, იმ პირტიტველა ლეიტენანტებს კი შიშისაგან ჭიკარტებად ექცათ და ისე დაუპატარავდათ, აღარც კი ეტყობოდათ მამაკაცური იარაღით აღჭურვილნი იყვნენ თუ არა; ან ამ ქალებს რა ინტერესი ჰქონდათ, ამათთან რომ წვებოდნენ?! თუ მხოლოდ ოფიცრობის ხათრით დაჰყაბულდნენ, კიდევ გასაგებია, მაგრამ როცა გაიხადეს და ოფიცრები სხეულებად იქცნენ, ხომ აღმოაჩენდნენ, რომ ამათ მხოლოდ შიბაქის შევსება შეეძლოთ და მეტი არაფერი. საინტერესო ხალხია ეს ბოზები; არა მგონია მხოლოდ არყის ხათრით დასთანხმებოდნენ მამაკაცური ატრიბუტის უქონელ, ორ პირზე რძეშეუმშრალ, უწვერულვაშო ღლაპს, ჩვილივით გაკრიალებულ სხეულზე თმის ნატამალი რომ არ ეტყობოდათ და უფრო ქალებს წააგავდნენ, ვიდრე მამაკაცებს. აი, ის ერთი, დიდი წინააღმდეგობა რომ გაგვიწია და აღარც ჩვენ დავატანეთ ძალა, ნაღდად ზემდეგის ნაშა იყო; ორი კი, შიში რომ დაძლიეს და ჩვენი სურვილი შეიტყვეს, რა სწრაფად გაკოტრიალდნენ ლოგინზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაგვნებდნენ, ან როგორ აქტიურობდნენ, მიდი, მიდიო, ორ ხმაში გაიძახოდნენ; აი, ისინი იმ მოუთავებელი ლეიტენანტების სანახევროდ, ან თითქმის გაუიმასქნებელი გოგოები იყვნენ. აუ, რას ყვიროდნენ, ბიჭო?!

კაკულია გამაგიჟებს, ძალით არ შემიძლიაო, მექანიკურად გამოგყევით, თორემ რომ მცოდნოდა, ეს ქალები მარტო არ იყვნენ, საერთოდ არ წამოვიდოდი, ავტომატდამიზნებულ ქალს სხვების თვალწინ ვერ მივეკარებოდიო. რა გოგოსავით იპრანჭებოდა, არც თვითონ იკისრა და არც ჩვენ დაგვაცალა. ის ერთი დაგვრჩა აუთვისებელი. სულ კაკულიას ბრალია; გამომივიდა ეგეც მამა აბრაამის ბატკანი. ისე, ის ნაშა ყველას სჯობდა; იქნებ არც ჯობდა და იმიტომ მეჩვენება, რომ არ დაგვნებდა. თუმცა რას არ დაგვნებდებოდა, ეს რომ არ გამოქომაგებოდა: ეს ხომ მე მეკუთვნის, მე არ ვკისრულობ, თქვენ თქვენს ნაშებს მიხედეთო.

ერთი ფრანგი ფილოსოფოსი ამბობდა, ყველაფერს ეჭვის თვალით უნდა უყურო, გაიაზრო, შეამოწმო, ჩასწვდე და აირჩიო სწორი გზა, მერე დარწმუნდე აღმოჩენილ ჭეშმარიტებაში და კიდევ წინ გაიწიო. მეც ეჭვის თვალით შევხედე, გავიაზრე, ჩავწვდი და სწორი გზა რომ ავირჩიე, უფრო ჩავწვდი ღრმად, ბოლომდე. რა გასუსულები იყვნენ მეორე ოთახში გამომწყვდეული ზემდეგი და ლეიტენანტები. კიდევ კარგი, დროზე გავიგეთ, რომ ზემდეგი ფანჯრიდან გადაძვრა. ეზოში ტიტლიკანა დაბორიალებდა და ტანსაცმელს ეძებდა. ლეიტენანტები ოთახში შეყუჟულები ისხდნენ, შიშისგან გაჩიავებულებს აღარაფერი ჰქონდათ დასამალავი და ხელს გამქრალი სარცხვინელის ადგილას მექანიკურად იფარებდნენ, როცა კარი გავუღეთ და მივაძახეთ: `პრაშჩაიტე, სუკი!~

მე კიდევ მინდოდა დავრჩენილიყავი, მგონი, სოსოიასაც უნდოდა, მაგრამ კაკულიამ გააჩმახა საქმე, ზნეობაზე დაიწყო ლუღლუღი. მე მაგასთან მოვრჩი ძმაკაცობას. ეგ სანდო კაცი არაა, იმიტომ, რომ ტიპური მონაა. იცით, ერთი ჭკვიანი მწერალი რას ამბობდა?! თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფრის ჩადენა შეიძლებაო. ამათთვის რა, ღმერთი არსებობს?! ესენი ხომ პირწავარდნილი ათეისტები არიან. ჩვენ რა, უღმერთობას არ გვიქადაგებდნენ სკოლაში, უნივერსიტეტშიც?! არ არის და ნუ არის, ჩემი მგლური საქციელი გამართლებულია, სადაც კი წავასწრებ, შურს ვიძიებ, ჭკვიანურ, წუთი წუთზე გათვლილ ოპერაციებს ჩავატარებ. ვინც ამყვებით, ამყვებით, ვინც არა და კაკულიას თეოლოგიურ ჯგუფს შეუერთდით. რა? რა არის თეოლოგიური ჯგუფი? ამის ცოდნა თქვენთვის არაა საჭირო. კაკულიას რომ ჰკითხო, ღმერთი რომ არსებობს, ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ჩვენ თუ ვარსებობთ, ხმას არ იღებს. გამომივიდა რაინდი. როგორც ჩანს, დაავიწყდა, როგორ გვიკრძალავდნენ ეკლესიაში შესვლას, აღდგომასა და შობა დღეს ახლოს არ გვაკარებდნენ, დაგვდევდნენ კომკავშირელები, პარტიულები, პიონერთა ხელმძღვანელები, დამრიგებლები. წითელი კვერცხის გამოჩენის გვეშინოდა. ერთი მაგათი! მეტის ღირსნი არიან! მგლად გამზარდეს და მგელი ვარ. თუ ვინმე სადმე მოვიხელთე, დავითრევ. შენ შეიბრალე, _ ხელი კაკულიასკენ გაიშვირა, ტახტზე რომ გულაღმა გაშოტილიყო და ურეაქციოდ უსმენდა ბუთიკოს გაბმულ მონოლოგს, რომელიც ცდილობდა, როგორმე საკუთარი საქციელი გაემართლებინა და რაც უფრო უწევდა ხმას, მით უფრო ღრმავდებოდა სიტყვებს შორის გაჩენილი პაუზები, სადაც იმალებოდა რაღაც აუღიარებელი, ამოუხსნელი, გაუხმოვანებელი სიმართლე, რომლის თქმასაც ვერავინ ბედავდა, ვერც ფილოსოფიის ფაკულტეტის მესამეკურსელი თუ ნასტუდენტარი ბუთიკო, როგორც ტანკისტმა ჟვანიამ შეარქვა.

დილით მორიგემ საუზმე მოიტანა. საიფერტს, ცხადია, არაფერი ესმოდა, რაზე საუბრობდნენ ქართველი ჯარისკაცები, მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა, ბოლოს თავი ასწია და ჩაილაპარაკა:

_ გეყოთ, ვისაუზმოთ!

სოსოია და კაკულია გუშაგების შესაცვლელად წაიყვანა სერჟანტმა საიფერტმა. მე საყარაულო ოთახში მორიგეობა მევალებოდა. საიფერტის წიგნს ჩავხედე, არც ავტორი, არც ყდა არ შემითვალიერებია. ალალბედზე გადავშალე. პირველივე აბზაცში დაახლოებით, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი ფრაზა ეწერა: სადაც ხორცია, ორბებიც იქ იკრიბებიან. კითხვა აღარ გამიგრძელებია, რადგან საყარაულოს საძინებელი ოთახიდან უცნაური ყმუილი შემომესმა. შევიხედე. ეძინათ. ბუთიკო ხის ტახტზე გულდაღმა გაშოტილიყო, ფარაჯის სახელო პირში მოექცია და სახეს საგულდაგულოდ მალავდა. ნაბიჯის ხმა რომ გაიგონა, უფრო გაისუსა, თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა, თუმცა ფარაჯისთვის კბილები არ გაუშვია იმის შიშით, რომ ამოუწურავ ბოღმას უნებლიე ბგერებად არ ამოეღწია. მივედი, თავზე ხელი გადავუსვი. არ განძრეულა, მხოლოდ ეგ იყო, ფარაჯა პირში უფრო ღრმად შეიჩურთა. როცა უკან გავბრუნდი, ისევ გაისმა ერთადერთი უმოკლესი ბგერა, სტაკატოსავით მოწყვეტით, ისე, რომ ყურამდე არც მოუღწევია. კაცი ვერ გაიგებდა, ვინ იყო ამ ბგერის ავტორი _ ეს საზიზღარ ფერზე შეღებილი კედლები, ჯარისკაცების სუნთქვით ჩახუთული ჰაერი თუ დიდი ხნის წინ დემობილიზებული ბიჭების ერთ ტკივილად შეკრული, გამთლიანებული ხმის ნაწყვეტი, რომელიც დამოუკიდებლად, უხილავად ცხოვრობდა ამ ჭერქვეშ და დროდადრო თავს აღწევდა მივიწყებულ, ირეალურ სივრცეს და დუმილის კულმინაციისას წამოსცდებოდა ოთახს, რათა ვინმეს ყური მოეკრა, მაგრამ სხვებისათვის ვერ გაემხილა ეს დაუჯერებელი ამბავი, რადგან ამ ბგერის ავტორი, უხილავი ბაგიდან რომ აღწევდა, თვითონაც ისევე იყო, როგორც სხვები, რომლებიც გულდასმით მალავდნენ ტკივილის ხმას.

_ შეკეთებული გაქვს?! _ ვიდრე კარს მივხურავდი, მკითხა ბუთიკომ.

საგულდაგულოდ დამალული `რეკორდის~ ერთი ღერი დავაძრე, მოვუკიდე, რამდენიმე ნაფაზი დავარტყი და ბუთიკოს გავუწოდე.

წუხანდელი თავგადასავლის შემდეგ, საკუთარ კალენდარში გასული დღის წაშლა დამვიწყებოდა. მაგიდასთან რომ დავჯექი, ჯიბის კალენდარზე ერთი დღის ნაცვლად, მექანიკურად ორი დღე გადავშალე, თვალებში ბურუსი ვრცელდებოდა, ციფრები ჭიანჭველებივით მოძრაობდნენ, სხეული სასიამოვნოდ მომიდუნდა. შემონახული შავი პურის ორი ნაჭერი მოვიძიე, ერთი ბუთიკოს მივუტანე, მეორეს ლოღნას ზანტად, მაგრამ გემრიელად შევუდექი.

 

კომენტარები