საარჩევნო სიები

პრეზიდენტმა საარჩევნო სიებზე მომუშავე კომისია დაამტკიცა

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კომისიის შემადგენლობაში, პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინების გათვალისწინებით, შემდეგი პირები შევიდნენ:

დავით ბედიანიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; მანანა ბიწაძე-მიქელაძე – თავისუფალი არჩევანი; ვლადიმერ ბოჟაძე – სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ლევან გაბრიჩიძე – "საქართველოს ევროპელი დემოკრატები; გიორგი გოგნიაშვილი - "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"; ზვიად დევდარიანი – სამოქალაქო განვითარების სააგენტო; მიხეილ დევდარიანი – ახალი თაობა – ახალი ინიციატივა; დიანა ვართანოვი – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მამუკა კაციტაძე – "ახალი მემარჯვენეები"; კახა კახიშვილი - არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრი; გენადი კერძევაძე- დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება; სოფიკო კობახიძე – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ლაშა მელაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ოთარ მენაბდე – "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; ნოდარ მუსერიძე – "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; ბადრი ნიაური – დემოკრატიის ცენტრი; მანონი ურუშაძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; თამილა ფერაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; რამაზ ქერეჭაშვილი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ნანა ციკოლია - საქართველოს დემოკრატიული პარტია; მამუკა ხიმშიაშვილი - ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

ამავე ბრძანებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს კომისიის საქმიანობისთვის აუცილებელი ფართობების გამოყოფა ეთხოვათ.

ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად კომისიის შექმნა რამდენიმე თვის წინ ნაციონალურ მოძრაობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი გახდა, რომელიც  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.  კომისია პარიტეტის საწყისებზე უნდა დაკომპლექტებულიყო  ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით. თუმცა,  კომისიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ. ამ ორგანიზაციების აზრით, საარჩევნო სიების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა არა კომისიას, არამედ სახელმწიფო სტრუქტურას - სამოქალაქო რეესტრს უნდა დაეკისროს. თავად კომისიის სტატუსი და უფლებამოსილებები კი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული.

 

კომენტარები