ქართული ენის შესახებ

ნიკო ნიკოლაძე
ავტორი: ნიკო ნიკოლაძე;
წინასიტყვაობა: გიორგი კეკელიძე;
ეს სტატია პოლემიკურად მოგეჩვენებათ – თუნდაც ფრაზას – „ყველა ცნობილ ენათა შორის, მხოლოდ ინგლისურს აქვს ისეთი მარტივი კანონები, როგორიც ქართულს” – შესაძლოა ბევრი გამოედავოს. ვიღაც „ივერიის” ენის გაკრიტიკებას იწყენს, არც ანტონს და ვახტანგს მოაკლდებათ ადვოკატები. ნაწერის თანამედროვეობასაც გარკვეულწილად მისი „პოლემიკურობაც” განსაზღვრავს – წარსულისა და მაშინდელი აწმყოს ავტორისეული დაურიდებელი, თუმცა უაღრესად კორექტული რევიზია დღესაც გამოდგება სახელმძღვანელოდ. ნიკოლაძე ერთი მხრივ ეწინააღმდეგება ნეოლოგიზმების სიჭარბეს, მეორე მხრივ ნათლად ხედავს – ეს ცოცხალი პროცესია – ზოგი რამ დამკვიდრდება, ზოგიც თავისით გამოირიყება. გავიხსენოთ, რომ ექსპერიმენტებს ძირითადად ტექნოლოგიური პროგრესი განაპირობებს ხოლმე. ახალი ტერმინების მოთარგმნის ვნება ყველა ქვეყანაში აქვთ – ბუნებრივია, ამ მხრივ, საქართველოც აქტიურობს – იქმნება კომისიები, ადგენენ ლექსიკონებს და სხვა მსგავი ამბები. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ  – არა – როგორც სხვა ყველაფერი. ენა ხომ საკუთარი გზით მიედინება, მისი მთავარი კალაპოტი ხალხია, სიახლეებიც სწორედ მათ „სალაპარაკო ენაში იპოვის... ბრწყინვალებას, ძალას, სილამაზეს და მოქნილობას”. გასული საუკუნის დასაწყისში ბევრი წამოწყება იყო და მხოლოდ ზოგი თუ შემორჩა. აბა, ვინ იცის, რომ პალტოს – გვაბანაკი (გვამის ბანაკი?) დაარქვეს? კურიოზები არც ოცდამეერთე საუკუნეს დაუშურებია – ე.წ. ფლეშკას ერთ-ერთმა კომპანიამ სახელად სწრაფმარჭვი დაანათლა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ სინონიმების არსებობის შემთხვევაში ენის ნაძალადევად „გაუცხორება” „გაუცხოებას” გამოიწვევს.
მოკლედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის თვითონ იგუებს ან განდევნის შესაბამის და მოუხერხებელ სიტყვებს, ეს ნიკო ნიკოლაძემ შესანიშნავად იცოდა – არც მას უყვარდა უკიდურესობები, ყველაფერს საოცარი სიზუსტით წონიდა.
გიორგი კეკელიძე
გასულ საუკუნეში, – როდესაც ქართველი ხალხის ლიტერატურულ ცხოვრებაში ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, როგორიც ევროპაში „აღორძინების ეპოქამ” ითამაშა, დიდი ჭკუისა და ძლიერი ენერგიის ადამიანებმა, როგორებიც ვახტანგ მეექვსე და კათალიკოზი ანტონი იყვნენ, სხვათა შორის, მიზნად დაისახეს ქართული ლიტერატურა და ქართული სალიტერატურო ენა გაეწმინდათ იმ მინარევებისგან, რაც სპარსელთა და საერთოდ მაჰმადიანური სამყაროს ხანგრძლივი ბატონობის შედეგად მოხდა. ეს საკმაოდ ღირსეული ამოცანა იყო. მას მხარი დაუჭირეს მრავალრიცხოვანმა მოღვაწეებმა. სამწუხაროდ, გასულ საუკუნეში მეცნიერების დონე საერთოდ, და განსაკუთრებით საქართველოში არ იძლეოდა შესაძლებლობას სრულიად, უნაკლოდ განეხორციელებინათ თავიანთი შესანიშნავი მიზანი. როგორც საჭირო იყო, მოქმედებდნენ პრაქტიკული მოღვაწეების მსგავსად და იყენებდნენ ხელთ არსებულ საშუალებებს, ვახტანგ მეექვსემ და კათალიკოზმა ანტონმა მიმართეს რუსულ სკოლას, მასში ეძიებდნენ ქართული ენის განახლების საშუალებებს. იმ დროს, ფილოლოგიური ცოდნის დონე რუსეთში, როგორც მთელ იმდროინდელ ევროპაში, ძალიან დაბალი იყო. შეისწავლეს რუსული ღრამატიკა, მაგრამ ქართველი რესტავრატორები უნებლიედ მოექცნენ იმ წიგნისმიერი, მძიმე, ხელოვნური ენის სულისა და ფორმის გავლენაში, რომელიც ლომონოსოვამდე ბატონობდა რუსულ ლიტერატურაში. კათალიკოზმა ანტონმა ქართული ღრამატიკაც კი შეადგინა, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულიდანაა თარგმნილი. რესტავრატორებმა და მათმა მიმდევრებმა სწორედ ამ ხელოვნურად შექმნილ ქართულ ენაზე რუსულიდან თარგმნეს მრავალი ნაწარმოები, ვიმეორებთ, იმ დროისათვის ეს გასაგები, კანონიერი და საჭირო საქმე იყო: აუცილებელი გახლდათ იმის გაკეთება, რისი შესაძლებლობაც იყო. 
მაგრამ რა მოხდა ამ დროს? აი, მისმინეთ: 
ენათა ოჯახში თავისი ფორმით, მისი წარმმართავი ღრამატიკული კანონებით, თავისი სინტაქსით, ქართული ენა სრულიად გამონაკლისს წარმოადგენს. ყველა ცნობილ ენათა შორის, მხოლოდ ინგლისურს აქვს ისეთი მარტივი კანონები, როგორიც ქართულს. 
სიტყვას აღარ გავაგრძელებთ ამ საკითხზე, რომელიც მთელ ტრაქტატს მოითხოვს. მხოლოდ ერთს ვიტყვით: ღრამატიკული კანონები იქმნება მხოლოდ ხალხის ცოცხალი ენის დაკვირვების საფუძველზე, და არ შეიძლება მისი დასესხება მეზობლებისგან. ეს არ იცოდნენ გასული საუკუნის რესტავრატორებმა. ეს მათ ეპატიებათ, მაგრამ „ივერიის” რედაქციას, რომელიც „ამდიდრებს” ქართულ ლიტერატურას იმით, რომ უშედეგოდ ცდილობს რესტავრატორების მკვდარი ენა აღადგინოს, არ ეპატიება იმის დავიწყება, რომ მხოლოდ ხალხის სალაპარაკო ენაში იპოვის ქართული ენის ბრწყინვალებას, ძალას, სილამაზეს და მოქნილობას. 

კომენტარები