სახელმწიფო შესყიდვები

ლუკოილ ჯორჯია - სახელმწიფო შემსყიდველების უმსხვილესი მიმწოდებელია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის 10 თვეში სახელმწიფო შემსყიდველებმა 325 763 520 ლარის პროდუქცია და მომსახურება შეიძინეს. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის, ყველაზე მეტ თანხაზე 43 924 101 ლარის ხელშეკრულება სახელმწიფო ორგანოებთან „ლუკოილ ჯორჯიამ" გააფორმა. მას მოსდევს 26 145 407 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით „ვისოლი" და მესამე ადგილზე კი, 24 959 625 ლარით „გალფის" ბრენდის მფლობელი „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა".

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება სულ 30-მა კომპანიამ გააფორმა. 10 თვის განმავლობაში სულ 790 ხელშეკრულებაა გაფორმებული. ყველაზე მეტი, 262 ხელშეკრულება „თეგეტა მოტორსმა" გააფორმა, თუმცა მათი საერთო ღირებულება 8 179 069 ლარია და ამ მაჩვენებლით „თეგეტა მოტორსი" 30 კომპანიას შორის მე-15 პოზიციაზეა.

სახელმწიფო შესყიდვები ელექტრონული ტენდერების მეშვეობით 2010 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდში, ტენდერების რაოდენობა თითქმის 10-ჯერ გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 10 თვეში 26.2 ათასი ტენდერი გამოცხადდა. 2009-2010 წლებში ტენდერების რიცხვი კი მხოლოდ 3 ათასი იყო. სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, ელექტრონული ტენდერების მეშვეობით სახელმწიფო სტრუქტურებმა 2010 წლის დეკემბრიდან დღემდე 156.6 მილიონი ლარი დაზოგეს.

კომენტარები