ქართული ხელოვნება

ავთო ვარაზი

 ქარჩხაძის გამომცემლობამ ჟურნალ ტაბულასთან და თიბისი ბანკთან ერთად პროექტი „ქართული მხატვრობა” წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, მთელი წლის მანძილზე 16 გამოჩენილი ქართველი მხატვრის შესახებ გამოიცემა წიგნები, ხოლო თიბისი გალერეაში მათი გამოფენები გაიმართება. პროექტი ავთო ვარაზის შემოქმედებით გაიხსნა და მისი ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში კერძო კოლექციებიდან გამოტანილი, მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 25 ტილო წარმოადგინეს – მათ შორის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „იესო ელ გრეკოს მიხედვით”, „ვიოლინო”, „ჟიტანი”, „ხარის თავი”, „ბუკინისტის პორტრეტი” და სხვა. გამოფენილი იყო კოსტიუმების ესკიზები გიორგი შენგელაიას ფილმისთვის „ფიროსმანი”, რომელშიც მხატვარმა მთავარი როლი შეასრულა.

ავთო ვარაზი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანია. როგორც თავად ამბობდა – თავისი თავის მასწავლებელი მხატვარი თვითონ უნდა იყოს. თვითონ თუ არ დაინახა და ვერ შეიგრძნო, სხვას ვერ დაანახებს და ვერ შეაგრძნობინებსო. საქართველოში პოპ-არტის სტილში პირველმა დაიწყო მუშაობა. კოლაჟის ტექნიკით შექმნილი ტილოებისთვის მასალად ყოფით საგნებს იყენებდა და მათი საშუალებით ცდილობდა რეალობის გადმოცემას. ამ ჟანრში შესრულებული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „ჟიტანი”, რომელიც ავთო ვარაზის ჩანაფიქრით, 60-იანი წლების საბჭოთა რეალობას ასახავდა. „ჟიტანი” მუყაოზე დაწებებული ნაგვისგან შედგება, სიგარეტის კოლოფები, ნამწვავები, ასანთის ღერები, მტვერი, თევზის ფხა, ეტიკეტები. პოპ-არტში მხატვრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად თაბაშირის დაფაზე დაწებებული მისივე შარვლისგან შექმნილი „ხარის თავი” ითვლება, რომელიც დღეს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

მიუხედავად იმისა, რომ ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ინახება, სიცოცხლეში მას არც ერთი პერსონალური გამოფენა არ ჰქონია. ამის მიზეზი საბჭოთა ხელისუფლება იყო, რომელიც სისტემიდან ამოვარდნილ, ნონკონფორმისტ მხატვარს ვერ ეგუებოდა. მთლიანობაში ავთო ვარაზის 120 ნამუშევარია ცნობილი და მათ შორის ვერ შეხვდებით ვერც ერთს, რომელიც კომუნისტური ეპოქის ბელადებს ან რევოლუციის რომელიმე წლისთავს ეძღვნება. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა თემატურ გამოფენებში და არც დაკვეთით დაუხატავს. მის ნამუშევრებში მუდამ იკითხებოდა ქვეტექსტები. სწორედ ამიტომ, უშიშროების სახელმწიფო კომიტეტშიც კი დაიბარეს – მხატვრობისთვის თავის დანებება და „კაცური საქმით” დაკავება ურჩიეს.

არაორდინარული და იმპულსური ადამიანი იყო. რამდენჯერმე, დეპრესიის შემოტევისას საკუთარი ნახატებიც კი დაუზიანებია, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს აღდგენა მოხერხდა. არ ჰქონდა სახელოსნო. მუშაობდა ერთ პატარა ოთახში, სადაც მუდმივად ხალხი ირეოდა. არასდროს აწერდა ხელს ნამუშევრებს. მიაჩნდა, რომ სურათს, ისევე როგორც ფრესკას, ხელმოწერა არ უხდებოდა. ქუჩაში ხშირად წვერმოშვებული და საღებავით დასვრილი ტანსაცმლით დადიოდა. კედელზე კი გამოსასვლელი სამოსი ეკიდა, რომელსაც მხოლოდ მაშინ იცვამდა, როდესაც შვილებს ასეირნებდა. ისევე, როგორც ფიროსმანს, რომლის როლიც გიორგი შენგელაიას ფილმში შეასრულა, უყვარდა თბილისის ძველი უბნები და ალკოჰოლი – მისი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი. მუდმივად ფინანსურ პრობლემებში მყოფი მხატვრის შემოსავლის ერთადერთი წყარო მისი ნახატები იყო, რომლებიც ხშირად ერთი ბოთლი ღვინის საფასურადაც კი გაუყიდია.

პოპ-არტის სტილში შესრულებული ნამუშევრების გარდა, აღსანიშნავია მხატვრის მიერ შექმნილი ნატურმორტები და პორტრეტები. ეს უკანასკნელი ძირითადად ვერტიკალური ფორმისაა. აქცენტი სახეზეა გადატანილი, რის გამოც სხვა დეტალები ზოგჯერ დაუმუშავებელიცაა. მაგრამ მხატვრისთვის მთავარი არა ფოტოგრაფიული მსგავსება, არამედ მის ტილოებზე აღბეჭდილი პერსონაჟების შინაგანი სამყაროს გადმოცემა იყო. უცნობებს არასდროს ხატავდა. შერჩეული ნატურა დიდი ხნის განმავლობაში უნდა შეესწავლა, რათა კარგად ჩაწვდომოდა მის ხასიათს. ის, რაც ავთო ვარაზის მიერ დახატულ ყველა პორტრეტს აერთიანებს, სევდიანი, მელანქოლიით სავსე თვალებია. საყვარელი ფერი ულტრამარინია და სურათების უმეტესობაც სწორედ ამ ტონშია შესრულებული. შესაბამისად, ხშირად ავლებენ პარალელს ვარაზის ამ ნამუშევრებსა და პიკასოს ლურჯ პერიოდს შორის. ქართველს მოსწონდა ესპანელი მხატვარი, თუმცა ფიქრობდა, რომ მათი სამყაროები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და არც სიღრმისეული კავშირი ჰქონდათ.

დიაბეტით დაავადებული ავთო ვარაზი 1977 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილიდან ორი თვის შემდეგ კი მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა. აღსანიშნავია, რომ თიბისი გალერეაში „ქართული მხატვრობის” ფარგლებში წარმოდგენილი ტილოები ვარაზის ნამუშევრების რიგით მხოლოდ მესამე ექსპოზიციაა. ქარჩხაძის გამომცემლობის, ტაბულას და თიბისი გალერეის ერთობლივი პროექტი 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგი მხატვარი, რომლის ალბომის და გამოფენის ხილვაც ხელოვნების მოყვარულებს შეეძლებათ, გიგო გაბაშვილი იქნება.

კომენტარები