სერბეთი და ევროკავშირი

ახალი სტატუსით

12 ოქტომბერს, სერბეთმა ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი მიიღო. მოვლენების შემდგომი განვითარება და პროგრესი სერბეთისა და კოსოვოს მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. სერბეთს კიდევ სხვა გამოწვევებიც აქვს გადასალახი. 


ევროპარლამენტმა გაფართოების ახალ სტრატეგიას დაუჭირა მხარი, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტს გულისხმობს. ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ უნდა გააძლიეროს სამართალწარმოება, საჯარო ადმინისტრაციაში რეფორმების ჩატარება, მედიის  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტია, გააუმჯობესოს რეგიონული თანამშრომლობა, მხარი დაუჭიროს ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილები შექმნას. მოლაპარაკებები მანამდე გაგრძელდება, სანამ პრიორიტეტებს სრულყოფილად არ შეასრულებენ.

სერბეთს მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს – კოსოვოს დამოუკიდებლად ცნობაზე უარს აცხადებს. თავის მხრივ, კოსოვო ოთხშაბათის განცხადებას მიესალმა. ამ უკანასკნელის წარმომადგენლების თქმით, სერბეთი ორაზროვანი პოლიტიკით ძირს ითხრის – ერთი მხრივ, მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, მეორე მხრივ კი – კოსოვოს უარყოფას აგრძელებს. ევროკავშირის კომისრები კი სერბეთს, პროგრესის მიღწევას, მოლაპარაკებების გზით ურჩევენ. 

კოსოვო სერბეთის ყოფილი სამხრეთ პროვინციაა, სადაც 1999 წლიდან, სერბებისა და NATO-ს ჯარის ომის შემდგომ, საერთაშორისო კონტროლი დამყარდა და უკვე 2008 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. მართალია, ის ამერიკამ და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა, მაგრამ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან კვიპროსმა, საბერძნეთმა, ესპანეთმა და რუმინეთმა არ ცნეს.

ევროკავშირს სერბეთისთვის, როგორც კანდიდატისთვის, კოსოვოს აღიარების ფორმალური პროცედურა არ მოუთხოვია, მაგრამ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას მოითხოვს. სერბები უარზე არიან. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ევროკავშირი მაინც კმაყოფილია მათი მუშაობით. ორგანიზაციამ ქვეყნის მიღწევები – კერძოდ, რატკო მლადიკის შეპყრობა და ჰააგაში მისი ექსტრადირება – შეაქო. მლადიკი ბოსნიელი სერბების არმიის ხელმძღვანელი გახლდათ. მას 1995 წელს, სრებრენიცაში 7,500 ბოსნიელი მუსლიმი კაცისა და ბიჭის გენოციდში ედებოდა  ბრალი. 

სერბეთს არაერთი გამოწვევა აქვს დასაძლევი. ქვეყანასა და ევროკავშირს შორის გაცხოველებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დიალოგისთვის კოსოვოც მზად არის. სავარაუდოდ, დეკემბერში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მინისტრთა საბჭო, კომისიის რეკომენდაციებს დაეთანხმება. 
 

კომენტარები