რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

60-იან წლებში პროლეტარიატის ბელადებს უკვე ყავლი ჰქონდათ გასული, განსაკუთრებით, ლენინს. სტალინისტები ჯერ კიდევ ბლომად იყვნენ, რადგან სტალინი, ადამიანებს რომ არაადამიანურობით აღემატებოდა, ქართველობას ჩაენაცვლა როგორღაც მრავალთა შეგნებაში ან სულაც, რაც მწარე ღიმილს იწვევს ჩემში, ეროვნულობის სინონიმად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვმა 1956 წელს უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლი დაღვარა თბილისში. მე და ალიაშვილი `ლენინსკაია კომნატა~-ში მაგიდას ვუსხედით, ჭადრაკს ვთამაშობდით და ქართულად თარგმნილ `ლენინის ოთახს~ _ წინ, არაჩვეულებრივ, ქართულში მეტად პოპულარულ, დინამიკურ, გენებისა და პოპულაციის ძირისძირს, ასო-ბგერა `ყარ~-ს ვუმატებდით. ცალკე აღებული `ყარს~, რასაც ნიშნავს, ყველას კარგად მოეხსენება, არცთუ ისე ძნელი მისახვედრია, `ლენინის~ ახალ სემანტიკა, თავში თუ `ყ~ ასო-ნიშანს, ანუ `ყ~-არს დავუმატებთ. ასე რომ, მაგიდას ვუსხედით, ყ-ლენინის ოთახში ჭადრაკს ვთამაშობდით და სიცილით ვიგუდებოდით. საღამოს საგუშაგოზე გვიწევდა წასვლა და თავისუფალი დრო კიდევ გვრჩებოდა. (ყ)-`ლენინსკაია კომნატაში~ ზემდეგი ზოლოტარიოვი რომ გამოჩნდა, ალიაშვილმა მიატოვა ჭადრაკის თამაში და ჩინით უფროსს გაეჭიმა:

_ ამხანაგო ზემდეგო, შეიძლება გკითხოთ?!

_ მკითხეთ!

_ არ გინდათ, ლენინი იყოთ და მკვდარი იყოთ?! _ მთელი სერიოზულობით ჰკითხა ალიაშვილმა.

ზემდეგი დაიბნა, ჯერ წამოწითლდა, მერე ფერი დაკარგა. პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა, დაწვრილდა, დაწვრილდა, დაწვრილდა. როცა ზოლოტარიოვმა ბაგე გახსნა და ფოლადის წინა კბილები გამოაჩინა, პაუზა პირველივე სიტყვის პირველივე ბგერასთან გაწყდა:

_ ლენინი ჩვენი ბელადია, როგორ შეიძლება მე, ჩვეულებრივ ადამიანს ბელადობა მინდოდეს და თან, რიგითო ალიაშვილო, დაიმახსოვრე, რომ ლენინი ცოცხლობდა, ცოცხლობს და მუდამ იცოცხლებს.

_ მით უმეტეს, ჩვენ ყველამ უნდა ვიოცნებოთ, რომ ლენინი გავხდეთ, მაშინ ჩვენც ხომ შევძლებთ მუდმივ სიცოცხლეს. თუმცა მე იმაზეც თანახმა ვარ, რომ ლენინი ვიყო და მკვდარი ვიყო.

ზოლოტარიოვს პასუხი აღარ გაუცია, ფოლადის კბილებზე ცივი სინათლე აერეკლა, მერე ბაგეები მოკუმა და წინა ჯიბიდან ამოცურებული კონვერტი ალიაშვილს გაუწოდა:

_ ეს შენი წერილია. ამ თემაზე კი შემდეგ ვისაუბროთ, პოლიტხელი უკეთ ერკვევა ამ საკითხებში.

ზოლოტარიოვი (ყ)-`ლენინსკაია კომნატა~-დან გავიდა თუ არა, მე და ალიაშვილი სიცილისაგან ჩაბჟირებულები ერთმანეთს ვაწყდებოდით.

საღამოს საგუშაგოსკენ გავწიეთ. წინ ისევ სერჟანტი მიგვიძღოდა. მივდიოდი და უბეში დამალულ ახალ წიგნს რომ ვიხსენებდი, მიხაროდა. ისევ საწვავის საწყობებთან უნდა გვეგუშაგა. პროჟექტორის შუქზე წიგნს წავიკითხავდი, საგუშაგოს შენობაში ორსაათიანი მორიგეობისას სხვა გუშაგებთან ერთად ვილაზღანდარავებდი, შემდეგი ორი საათი კი ხმელ ტახტზე წამოვგორდებოდი და შინისაკენ გავეშურებოდი.

დილის ხუთ საათზე სროლის ხმამ გამომაღვიძა. ვიდრე წამოვიზლაზნე, ბათინკები ჩავიცვი და შენობის წინ, ბოძზე ჩამოკონწიალებულ პირსაბანს მივადექი, სახეზე რომ წყალი შემესხა და გამოვფხიზლებულიყავი, ამასობაში სერჟანტი საიფერტი მობრუნდა `პოსტიდან~. სახეშეშლილს, გაფითრებულს, ქვედა ყბა უკანკალებდა. არც ერთ ჩვენს კითხვას არ უპასუხა, ვიდრე დივიზიის მორიგე ოფიცერი არ მოვიდა საგუშაგოზე.

ალიაშვილმა საყარაულო კოშკურაზე თავი მოიკლა.

გვამთან ახლოს დანაკუწებული წერილი გამთენიის ნიავს ხმელ ფოთლებში მიმოეფანტა. ავტომატის ლულა ნიკაპთან მიებჯინა და სასხლეტისათვის ისე გამოეკრა თითი. ახლოს არ გაგვაკარეს, ზეწარწაფარებული საკაცეზე დაასვენეს და როცა საგუშაგოსთან გაჩერებულ, საზიზღარი ფერით შეღებილ, წითელჯვრიან `რაფში~ აიტანეს, მგლური ყმუილი ამოვუშვი სიმწრისაგან გამშრალი ყელიდან ან იქნებ გულიდან, იქნებ მთელი სხეულიდან, რადგან ეს ხმა მე ვიყავი თვითონ, რომელმაც რამდენიმე წუთით დატოვა სამხედრო სამოსელი და უკიდეგანო ტრამალის მდუმარებაში ჩაიძირა.

 

კომენტარები