მსოფლიო მოდის კვირეულები

ტენდენციები და პროგნოზები

სექტემბერ-ოქტომბერი მოდის სიკვდილის და თავიდან დაბადების პერიოდია. ეს ის დროა, როდესაც საერთაშორისო მოდის კვირეულები მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს წარმოადგენენ.
სექტემბერში მოდის ინდუსტრიაში განხეთქილება იტალიის მოდის სინდიკატმა შეიტანა. მომავალი წლის მილანის მოდის კვირეული, მათ თავხედურად ლონდონის ჩვენებებს დაამთხვიეს და ამით მნიშვნელოვანი კრიტიკოსები, მოდელები თუ სტუმრები „წაართვეს” ლონდონს. ლონდონის კვირეულის რეპუტაცია ახალგაზრდების და ნაკლებად კომერციული ბრენდების წარდგენას ემყარება. ის არა დიდი დაფინანსებით, არამედ ცოცხალი შემოქმედებითი მუხტით გამოირჩევა. ბრიტანეთის მოდის საბჭო ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ შეეგუა – წერილობით მიმართა საფრანგეთის მოდის სინდიკატს და ამერიკის მოდის პალატას. ის მოითხოვდა, რომ საერთაშორისო მოდის კვირეულები კვლავ ერთმანეთს ესაზღვრებოდნენ და არ არღვევდნენ ერთიან რიგს. ეს ჰარმონიული მოგზაურობა, რომელიც ნიუ იორკში იწყება და პარიზში მთავრდება, შეიძლება მომავალ სექტემბერს სხვა მარშრუტით წარიმართოს. წელს კი, საერთაშორისო მოდა, როგორც ჩანს, კვლავ კომერციის ერთგული რჩება და შემოქმედებას სოციალური კონტექსტი სულ უფრო მეტად ეტყობა.

როგორც ყოველთვის, ნიუ იორკის ჩვენებები, კონსერვატიული და პრაქტიკული მოდის საუკეთესო ნარევს წარმოადგენდა. დონა კარანი, კელვინ კლაინი და, რა თქმა უნდა, რალფ ლორენი სწორედ იმ ტიპის ტანსაცმელს აკეთებენ, რომელიც მდიდრული, თანამედროვე და პრაქტიკულია. ამ სახლების მიერ წარმოდგენილი კოლექციები კამათის საგანი არ გამხდარა. თუმცა ამერიკული მოდის ყველაზე ენერგიულმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. Christian Dior-ის მომავალ შემოქმედებით დირექტორად სწორედ ის მოიაზრება. ამ სეზონზე მან წარადგინა საკუთარი ორი ბრენდისათვის სამი კოლექცია და ერთიც ზღაპრული შოუ Louis Vuitton-ისათვის. მარკ ჯეიკობსმა, მაქქუინის და კარლ ლაგერფელდის მსგავსად, მონუმენტური თეატრალური ჩვენებების გამართვა დაიწყო – შემოდგომის სეზონზე სასტუმროს მეტალის ლიფტი, პორტიეს უნიფორმა და ფეტიში გაზაფხულზე – ქათქათა თეთრი კარუსელი, თეთრი კეთილი ფერიები ბავშვურ კაბებში.

ლონდონის მოდის კვირეული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად მაინც ჩატარდა.   თუმცა აქ, მთავარ პრობლემად დიდი სახელების არყოლა სახელდებოდა. ყველა ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი პარალელურად პარიზში აჩვენებდა თავის ახალ კოლექციას. ლონდონში მხოლოდ ვივიენ ვესტვუდი და პოლ სმიტი იყვნენ, რომლებიც კვირეულზე თავიანთ მეორე, ნაკლებად ძვირფას მარკას წარადგენდნენ. 
მიუხედავად ამისა, დამწყები ტალანტების კონკურსები – Fashion Fringe და Fashion East – კვლავ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება. ტომ ფორდიც ინგლისის ერთგული დარჩა და თავისი სუპერექსკლუზიური ბიზნესი ამ ქალაქში დააფუძნა.

მილანის კვირეულის ლიდერი რაფ სიმონსი და Jil Sander-ის სახლია, მის მიერ წინა სეზონზე შემოთავაზებული ინტენსიური ფერების ექო ყველა კვირეულზე ისმოდა. ამჯერად მან 50-იანი წლების მაღალ მოდას სახვითი დეტალები დაუკავშირა: პიკასოს მიერ შექმნილი კერამიკის დეტალები, კერძოდ კი გრაფიკული მონასმებით შესრულებული თვალის ფიგურები გამოიყენა და აბსტრაქტულ ორნამენტად აქცია.
პარიზი მოდის ექსკლუზიური კლუბია, სადაც კლასიკური მოდის სახლების პომპეზური ჩვენებები იმართება. წელს Chanel-ი ოკეანის ფსკერზე მარგალიტების გარემოცვაში აღმოჩნდა – ჩვენება Grand Palais-ში

გაიმართა. დეკორაციის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი გახლდათ, გრანდიოზული ნიჟარიდან კი ვენერას მსგავსად ფლორენს უელჩი მღეროდა.
ნოვატორული კოლექციების ავტორები, ამ სეზონზე, ნიკოლა გესკიერე (Balenciaga), ფიბი ფილო (Celine) და რიკ ოუენსია. პროპორციებით თამაში და ქალური სავსე სილუეტის ინტერპრეტაციები, სავარაუდოდ, ამ დიზაინერების მიერ შემოთავაზებული მომავალი დიდი ტენდენცია გახდება.

 ცივი მინიმალისტური ზედაპირები მუქი ტონალობის მოჩითულმა აბრეშუმებმა და დიდმა ორნამენტებმა შეცვალა. დრაპირება და ასიმეტრიაც სულ უფრო ნაკლებად ჩანს პოდიუმებზე, მხარი ბუნებრივ მოცულობას უბრუნდება და გრძელი სავსე სილუეტი, ნეოეთნიკურ თემებთან ერთად, ვფიქრობთ, მომავალი სეზონისათვის სწორ პროგნოზად გამოდგება. 

კომენტარები