ბალტიისპირეთთან ურთიერთობა

ურმას პაეტი: ესტონეთი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა. ურმას პაეტი თბილისს გუშინ ეწვია. დღეს თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ საქართველო არ იშურებს ძალისხმევას ევროკავშირთან დასაახლოებლად, მაგრამ რეფორმების მიმართულებით კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხარდაჭერა და განმარტა, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე იყო მსჯელობა ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ MAP-ის მისაღებად უნდა გადადგას.

პაეტმა იმედი გამოთქვა, რომ დაჩქარდება შეთანხმების ხელმოწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ და აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაც განიხილა. პაეტის სიტყვებით : „მისია უნდა შენარჩუნდეს და მას საშუალება უნდა ჰქონდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც იმუშაოს. აუცილებელია ეუთო-ს მისიის აღდგენა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამის წინაპირობები არ არსებობს“.

კომენტარები