რობერტ ქოჩარიანი

ივანიშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო

 თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.  ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს  პარტიაში დაუდასტურეს.  იქვე აღნიშნეს  რომ, დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შესაძლებლობა, სადაც მათ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებასა და მომავალი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.  ”აღსანიშნავია, რომ საუბრის დროს განხილულ ყველა საკითხზე ხედვებში სრული თანხვედრა დაფიქსირდა. შეხვედრის დასასრულს  ალასანია და ივანიშვილი შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს დროში გაგრძელდება კონსულტაციები პარტნიორობის კონკრეტული გეგმის შესამუშავებლად”, -  განაცხადეს ”თავისუფალი დემოკრატების”  განცხადებაში.

გავრცელებული ცნობებით ბიძინა ივანიშვილს  ასევე შეხვდნენ ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები: დავით ბერძენიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი. შეხვედრა  ოლიგარქის  მიწვევით, მის რეზიდენციაში შედგა.  მოგვიანებით ბერძენიშვილმა და ზაქარეიშვილმა შეხვედრას წარმატებული უწოდეს და აღნიშნეს, რომ მასზე პოლიტიკური კონსულტაციების დაწყების შანსი გაჩნდა. 

ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა ეროსი კიწმარიშვილმაც მიუხედავად იმისა, რომ  ოლიგარქმა თავის საჯარო მიმართვაში  მას ფსევდოოპოზიციონერი უწოდა.”მე ვარ ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი, მე , სოზარ სუბარი და ირაკლი ოქრუაშვილი თანამოაზრეები ვართ და თქმა იმის, რომ სუბარი კარგია, ოქრუაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კიწმარიშვილი ცუდია ლოგიკას მოკლებულია”-განცახდა მან ”კავკასიის”ეთერში.  კიწმარიშვილმა  აღნიშნა, რომ მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები ივანიშვილთან, მისთვის  ტელეკომპანია ”მაესტროს” მართვის  უფლების ერთ ლარად გადასაცემად. მაესტროს საკითხზე ივანიშვილთან მოლაპარაკების დაწყების მზადყოფნა გამოხატა ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმაც ,ოღონდ პირობით: ივანიშვილმა მოიბოდიშოს მაესტროს ჟურნალისტების წინაშე, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ შეურაცხყოფა მიაყენა  და ეროსი კიწმარიშვილს გაუუქმდეს კონტრაქტი ”მაესტროსთან.”

კომენტარები