დღეს თბილისში , ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. მასში ქართველ მეცნიერებთან ერთად 18 -ამდე ქვეყნის მკვლევარი იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სამეცნიერო კვლევას და არსებული კვლევების საქართველოს გარეთ გატანას. კონფერენცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი ახორციელებს. საერთაშორისო კონფერენცია რამდენიმე დღეში ჩარგალში დაიხურება. ჩარგალი 60-ამდე მეცნიერს უმასპინძლებს. 2011 წელი UNESCO-ს მიერ ვაჟას წლადაა გამოცხადებული და მისი ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.




