პარტნიორობა მოხალისეობის განვითარებისთვის


მოხალისეობა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომას, ქველმოქმედებას, გულისხმობს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოპულარული პრაქტიკაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები გამოირჩევა, სადაც სხვადასხვა დროს საქველმოქმედო აქციებში მოსახლეობის 25%-ზე მეტი მონაწილეობდა – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვეულებრივ, ადამიანები (თემები), საჭიროებებიდან და რესურსებიდან გამომდინარე სხვადასხვა აქტივობებს თვითონვე გეგმავენ. მოხალისეებს ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები ეძებენ და კოორდინირებას უწევენ. ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო მასშტაბითაც.

საქართველოში მოხალისეობის პრაქტიკა სუსტად არის განვითარებული. სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მოლოდინიც – მაგალითად, გაჭირვებული ადამიანების დახმარების – უმეტესწილად მთავრობის მხრიდან აქვთ. საქართველოში ორგანიზებული მოხალისეობის განვითარებისთვის, იუსტიციის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, უახლოეს მომავალში ახალ პროექტს დაიწყებს. პროექტი 12-18 წლამდე ახალგაზრდების საქველმოქმედო პროგრამებში ჩართვას გულისხმობს. როგორც იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო გიგაური ამბობს, სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში მინიმალური უნდა იყოს. ისინი საწყის ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი მექანიზმი აეწყობა, გეგმავენ, რომ პროექტი შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეცეს სამართავად, რომელიც პროცესში მანამდეც ჩაერთვება.

პროგრამას რამდენიმე მიზანი აქვს – გარდა იმისა, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის შედეგი საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება, თავად ბავშვებსაც განუვითარდებათ მოხალისეობრივი ჩვევები და ღირებულებები. იუსტიციის სამინისტროში თვლიან, რომ ეს ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციასაც შეუწყობს ხელს.

საპილოტე ქალაქები თბილისი და რუსთავი იქნება. ამ ქალაქებში, შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, თავდაპირველად საჭიროებებს შეაფასებენ, რაც ორგანიზატორებს პროექტების შექმნის შესაძლებლობას მისცემს. პროექტებმა არ უნდა გამოიწვიოს მასში ჩართული ბავშვების სტიგმატიზება, ამასთან, უსაფრთხო და შედარებით მარტივად შესასრულებელი უნდა იყოს. ის, უმეტესად, „დროით ქველმოქმედებას” გულისხმობს.

პროექტების აღწერილობა – თუ რომელ ქალაქშია, რას გულისხმობს, რამდენ ხანს გასტანს, რამდენი მოხალისეა საჭირო, საგანგებოდ შექმნილ ვებსაიტზე განთავსდება, სადაც მსურველები დარეგისტრირებას შეძლებენ. გარდა ამისა, შესაძლოა, ჩართონ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი, განრიდების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიც. ყველაზე აქტიური მონაწილეები, რომლებიც ქველმოქმედებას ყველაზე დიდ დროს დაუთმობენ, წამახალისებელ პრიზებს მიიღებენ. თითოეული პროექტის ბოლოს მენეჯერი საბოლოო ანგარიშსაც მოამზადებს და ამავე ვებგვერდზე განათავსებს.

პროექტის პრეზენტაცია 2 კვირაში, აქტიურ ფაზაში გადასვლა კი – დაახლოებით, ერთ თვეში იგეგმება. საწყის ეტაპზე დაფინანსება საბიუჯეტო იქნება, შემდეგ კი დონორებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას ვარაუდობენ, რომლებთანაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება. აპირებენ შემოწირულობების მიზიდვას მოქალაქეებისგანაც. როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მაია ზავრაშვილი ამბობს, საწყისი დანახარჯები ჯერ ზუსტად არ არის გათვლილი. თუმცა, „ის ძვირი არ დაჯდება” – ამჟამად გათვლილი ბიუჯეტი დაახლოებით 20 ათასი ლარის ფარგლებშია.

კომენტარები