საქართველო თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში

Transparency International UK თავდაცვის ნაციონალური ბიუჯეტების გამჭვირვალობის პირველად მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტი გამჭვირვალობის ინდექსსაც მოიცავს, სადაც საქართველო საშუალოსა და დაბალს შორის კატეგორიაში მოხვდა. მსგავს პოზიციაზე მსოფლიოს 24 ქვეყანაა.

კვლევის ფარგლებში 87 ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტზე არსებული საჯარო ინფორმაცია შეისწავლეს. მათგან 16%-მა რეიტინგში უმაღლესი გამჭვირვალობის შეფასება მიიღო. ისინი უმეტესად განვითარებული ქვეყნები არიან და ძლიერი დემოკრატიული სისტემები გააჩნიათ. 22% საშუალოდან მაღალს შორის კატეგორიაში ხვდება. აქ უფრო განსხვავებული ტიპის ქვეყნები არიან თავმოყრილი – აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ლათინური ამერიკიდან. დანარჩენი 62% საშუალო, საშუალოდან დაბალი, ან დაბალი გამჭვირვალობის მქონეებად მიიჩნიეს.

უმაღლესი ქულები მიიღეს, მაგალითად, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, საფრანგეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ხვდებიან – ბულგარეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი, ინდოეთი, ალბანეთი, ტაილანდი და სხვები. ყველაზე ცუდი შედეგი აქვს – ჩინეთს, ეგვიპტეს, სერბეთს, ალჟირს, ანგოლას...

კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ქვეყანა გარკვეულწილად ასაიდუმლოებს – დაზვერვაზე, მოწმეთა დაცვასა და სხვა მსგავს აქტივობებზე გაწეულ ხარჯებზე ინფორმაციას. თუმცა, აღნიშნულია, რომ ეს, რიგ შემთხვევებში, გაჭვირვალობასთან თავსებადი შეიძლება იყო.

აქვე მითითებულია, რომ კვლევა ლიმიტირებულია და მოტანილი ინფორმაცია სრული სურათის შესაქმნელად საკმარისი არ არის. მიმოხილვისას მოსამზადებლად გამოიყენეს ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) საზოგადოებრივი დანახარჯისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მონაცემთა ბაზა, გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო დანახარჯთა საერთაშორისო სტანდარტული ანგარიშგებისთვის, სამხედრო ბიუჯეტების ხელმისაწვდომი ვერსიები, აკადემიური სტატიები, არასამთავრობო ორგანიზაციების პუბლიკაციები და ანგარიშები. საკუთრივ ქვეყნების რეიტინგი კი მხოლოდ OBI-ის კითხვარზე დაყრდნობით შედგა, რაც ხარვეზადაა მითითებული.

ამასთან, კვლევა, ბიუჯეტის სისწორის შემოწმებაზე უფრო, ინფორმაციის მისაწვდომობაზეა დაფუძნებული. იგი არ მოიცავს კორუფციის დონესა და ანგარიშვალდებულებას. ამიტომაც, Transparency International UK ახალ კითხვარზე დაყრდნობით უფრო თანმიმდევრული და ამომწურავი კვლევის ჩატარებას გეგმავს. ახალი, დაწვრილებითი, კითხვარი მიმოხილვას თან ერთვის.  

კომენტარები