Life Nest” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

14-დან 18 სექტემბრამდე საქველმოქმედო ფონდი „ოაზისი“, „ევროპის სახლის“ მხარდაჭერით წარმოგიდგენთ გამოფენას და აუქციონს „Life Nest”. „ოაზისი“ ახლადშექმნილი საქველმოქმედო ფონდია, რომლის მიზანი მიუსაფარი, მზუნველობას მოკლებული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარებაა, ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

ბავშვთა დაწესებულებებს, მიუსაფარი ბავშვები 18 წლის ასაკში ტოვებენ, ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების  უქონლობის გამო, ხშირად მათ უჭირთ საზოგადოებაში ინტეგრირება, სწორედ ამიტომ ფონდი „ოაზისი“ იწყებს ზრუნვას ზემოთხსენებული ახალგაზრდების დასახმარებლად.

16 სექტემბერს, 20:00 საათზე „ევროპის სახლი“-ს საგამოფენო სივრცე, თამარ სუჯაშვილის ნამუშევრებს დაეთმობა, სწორედ მიუსაფარი ბავშვების დახმარებით შექმნილი ნამუშევრები იქნება გამოტანილი აუქციონზე. თექა და ხელნაკეთი ნივთები - პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა თამარ სუჯაშვილთან ერთად დაამზადეს. ხელობას ახალგაზრდები  ყაზბეგის ხელოვნების სახლში ეუფლებოდნენ.

საქველმოქმედო ფონდ „ოაზისი“- ს დირექტორმა, ქალბატონმა გვანცა შენგელიამ განაცხადა, რომ მოზარდები დიდი ინტერესით მოეკიდნენ სამუშაოს, ისწავლეს მუშაობა თექაზე და მოემზადნენ გამოფენისთვის. ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს დაფინანსება, ბავშვების რაოდენობა მცირეა, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა  ახალგაზრდების სწავლას მოხმარდება.
სამომავლოდ ფონდი გეგმავს სკოლის შექმნას, სადაც მიუსაფარ ბავშვებს საშუალება ექნებათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები შეისწავლონ.

გამოფენა -გაყიდვა „Life Nest” 14-დან 18 სექტემბრამდე „ევროპის სახლი“-ის ორგანიზებით გაიმართება.



კომენტარები