უსარგებლო იდიოტები

მოგეხსენებათ, 26 აგვისტოს აფხაზეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის ახალი ლიდერი შეირჩა.

ამ მოვლენას, საქართველოს ხელისუფლებამ და მასთან ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არალეგიტიმური უწოდა – სამაგიეროდ, მიესალმა რუსეთი და ქართული პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილი.
ჩვენი ზოგიერთი თანამემამულე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების ხარისხმა აღაფრთოვანა. ისინი ნატრობენ, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმისაგან აიღოს მაგალითი მომავალი 2012-13 წლების საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისას.

მართალია აფხაზეთში არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორი არ ყოფილა, მაგრამ რა საჭიროა კომპეტენტური დამკვირვებელი მაშინ, როდესაც პროცესის დემოკრატიულობაზე რუსულ პროპაგანდაზე დაყრდნობით შეგიძლია იმსჯელო და შემდეგ იოცნებო.

რუსეთის რეაქცია პრაგმატული და თანმიმდევრულია – მოსკოვს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია აფხაზების “გადასარჩენად” დასჭირდა, ახლა მათ “თვითგამორკვევაზე” ზრუნავს და დამოუკიდებლობანას ათამაშებს.

რაც შეეხება “აფხაზური დემოკრატიის” ქართველ გულშემატკივრებს, მათ პრაგმატულობას ვერ დავაბრალებთ – რიგითი მოკვდავებისთვის ამოუხსნელ გამოცანად რჩება რა სარგებელი უნდა მოუტანოს “დემოკრატიის მოჭირნახულეების” ოვაციებმა საქართველოს ან თავად ამ ძალებს. თუმცა თანმიმდევრულობა მათ მიდგომაშიც შეინიშნება. ავხსნი რატომ:

ის, რომ ხელისუფლების ოპონენტთა ყოველი ქმედება, ნებით თუ უნებლიეთ, თვითდესტრუქციისკენ და მმართველი პარტიის გაძლიერებისკენაა მიმართული, უკვე ვიცით. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯით, მათ სუიციდის პროცესის დასრულება გადაწყვიტეს, რადგან ზემოხსენებული ნატვრა რომ ასრულდეს და ქართული არჩევნები აფხაზურს დაემსგავსოს, ჩვენმა ხელისუფლებამ, მისი ყველა მოწინააღმდეგე ან უნდა მოკლას, ან ქვეყნიდან განდევნოს. შედეგად, საქართველოს მოსახლეობა ჰომოგენურ მასად იქცევა, სადაც რეალურ პოლიტიკურ კონკურენციას საფუძველი გამოეცლება.

როგორც ირკვევა, ასეთ არჩევნებს უოლტერ დურანტის ტრადიციების ერთგული New York Times-იც მოიწონებს.

“ნაცრისფერი ქალბატონი” დღეს ისევე აშუქებს აფხაზურ არჩევნებს, როგორც, თავის დროზე – ჰოლოდომორს:

“ინფორმაცია საყოველთაო შიმშილის შესახებ ან გადაჭარბებულია, ან მავნე პროპაგანდა”, წერდა სტალინით აღფრთოვანებული დურანტი New York Times-ში 1933 წლის 23 აგვისტოს, მაშინ როდესაც მილიონობით ადამიანი ეწირებოდა საბჭოთა დესპოტის პოლიტიკით გამოწვეულ შიმშილს.

“არჩევნები, რომელიც პარასკევს ჩატარდა, საბჭოთა კავშირის ყოფილი რეგიონებისთვის უჩვეულო იყო, იმდენად, რამდენადაც შედეგის შესახებ წინასწარ ცნობილი არ გახლდათ. როგორც ჩანს, პროცესმა დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაიარა”, – წერს იგივე გამოცემა 2011 წლის 27 აგვისტოს, მაშინ როდესაც ასეულობით ათასი ამომრჩეველი ამ ტერიტორიიდან გამოგდებულია და უკან ვერ ბრუნდება.

ის, რომ გამარჯვებული წინასწარ არ იყო ცნობილი, რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი მითია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცოდა აფხაზეთის მოსახლეობამ და რა არა, არც ერთ რესპექტაბელურ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია. ან კი რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებდა “არჩევნებს”, მაშინ როდესაც საოკუპაციო რეჟიმის პოლიტიკას არა “არჩევნებში გამარჯვებული”, არამედ კრემლი განსაზღვრავს.

“სასარგებლო იდიოტები” – ასე უწოდებდა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი გულუბრყვილო დასავლელ ინტელექტუალებს, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, ბელადის ინტერესებს ემსახურებოდნენ. აფხაზური დემოკრატიის დასავლელი მეხოტბეები მიამიტ წინაპართა ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ. მათ ქართველ თანამოაზრეებს რაც შეეხება, ისინი არც ქვეყანას არგიან, არც საკუთარი თავისთვის მოაქვთ სარგებელი და არც რუსეთს ახეირებენ.

კომენტარები