ტოშიბა უსათვალო 3D ტელევიზორს უშვებს

იაპონურმა ელექტრონიკის კომპანია ტოშიბამ ახალი, 55 დიუმიანი ტელევიზორის პრეზენტაცია მოახდინა. მისი საშუალებით მაყურებელს შეეძლება სამგანზომილებიანი გამოსახულების აღქმა, სპეციალური სათვალეების გარეშე.

3D ტელევიზორი, რომლის ყურებაც სათვალეების გარეშეა შესაძლებელი, უკვე არსებობს, მაგრამ ტოშიბას მოდელისგან განსხვავებით იგი მხოლოდ ერთი მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. სამგანზომილებიანი გამოსახულების აღქმაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ეკრანს წინასწარ განსაზღვრული კუთხითა და მანძილიდან უმზერთ. ტოშიბას 55LZ2 კი, სპეციალური ლინზების საშუალებით გამოსახულებას დიდი კუთხით ავრცელებს ცხრა სხვადასხვა მიმართულებით, რის გამოც მისი ერთდროულად მაყურებლების რიცხვი ცხრა ადამიანამდე იზრდება.

  ადამიანი გამოსახულებას მაშინ აღიქვამს სამგანზომილებიანად, თუკი მარცხენა და მარჯვენა თვალს ოდნავ განსხვავებული კადრი მიეწოდება. სწორედ ასეთი მექანიზმით მოქმედებს უსათვალო 3D ტელევიზორი. იგი გამოსახულებას ყოფს და სივრცეში ანაწილებს, რის გამოც იქმნება სიღრმითი ეფექტი.

თუმცა, ჩვეულებრივი ტელევიზორისგან განსხვავებით, სამგანზომილებიანი ტელევიზორის მოხმარება მაინც არ არის მარტივი. ჩართვისას იგი სპეციალური პროგრამის დახმარებით აფიქსირებს მაყურებელთა პოზიციებს და შემდეგ ამის მიხედვით ახდენს გამოსახულების კორექციას.

ტოშიბას მესვეურების განცხადებით, ტელევიზორების შეძენა გერმანიის მაღაზიებში დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. სხვა რეგიონებსა და პროდუქტის ფასზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 55LZ2 ტელევიზორი Hi-End მოდელს წარმოადგენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ფასი დაბალი არ იქნება. 

კომენტარები