დედა გრიზლი – ფემინიზმის ახალი სახე

 ის მოსაზრება, რომ იმდენნაირი ფემინიზმი არსებობს, მსოფლიოში რამდენი ფემინისტიცაა, სიმართლისგან ძალიან შორს არ დგას. თუმცა, ითვლება, რომ ფემინისტებს მემარცხენე პოლიტიკური პლატფორმა აერთიანებთ. დღესდღეობით იმ მიმართულებათა გვერდით, როგორიცაა რადიკალური ფემინიზმი, მარქსისტული ფემინიზმი, ლიბერალური ფემინიზმი, ეკოფემინიზმი და სხვა, მედიის ყურადღებას იპყრობს და ნელ-ნელა მკვიდრდება ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავი – კონსერვატიული ფემინიზმი. 

საკითხის გააქტიურება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სარა პეილინის, მიშელ ბაკმანისა და სხვა გავლენიანი კონსერვატორი ქალი პოლიტიკოსების სახელს უკავშირდება. 

თუ ბაკმანი ამ ტერმინის გამოყენებას ერიდება, სარა პეილინი 2010 წლის შუალედური არჩევნების კამპანიისას და შემდეგ, საჯარო გამოსვლებში თავს ფემინისტს უწოდებდა. პოლიტიკოსი საკუთარ თავსა და თანამოაზრეებს კიდევ ერთი სახელით – “დედა გრიზლებად” მოიხსენიებს. იმ თვალსაზრისით, რომ ისინი  უშიშრად იცავენ და დაიცავენ თავიანთ შვილებს, როდესაც მათ საფრთხე დაემუქრებათ. საფრთხედ პეილინი იმ პოლიტიკურ ცვლილებებსა და გადაწყვეტილებებს ასახელებს, რომელიც მომავალ თაობას ვნებს. დედების როლს ხაზს იმიტომ უსვამს, რომ ისინი პირველები ხვდებიან, “როდესაც რაღაც რიგზე არაა”. 
ჩაის წვეულების დიდ ნაწილს, რომელსაც პეილინი ლიდერობს, სწორედ ქალები წარმოადგენენ. როგორც 2010 წლის ნოემბერის გამოკითხვებმა აჩვენა, ამერიკელი ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ კერძო სექტორს ეკონომიკის გაჯანსაღება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა  მთავრობაზე უკეთ  შეუძლია. სწორედ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები იყო ის საკითხები, რამაც უამრავ ქალს უბიძგა, “დიდი მთავრობის” წინააღმდეგ, ჩაის წვეულების საპროტესტო მოძრაობას შეერთებოდა. 

როგორც პეილინი ხსნის, თანამედროვე კონსერვატიული ფემინიზმი ნიშნავს, რომ შვილების ყოლის და ოჯახს მიღმა აქტიური საქმიანობის შეთავსება შესაძლებელია. მას თანამოაზრეებთან ერთად ახალგაზრდა ქალების გამხნევება სურს. ეუბნება, რომ  საკმარისად ჭკვიანები და ძლიერები არიან საიმისოდ –  არა მხოლოდ ოჯახური ცხოვრება და ოჯახს მიღმა საქმიანობა შეუთავსონ – არამედ განუზრახავ ორსულობასაც გაუმკლავდნენ. მთავარი საკითხი კონსერვატიულ ფემინიზმში სწორედ ესაა – ქალებმა უნდა შეძლონ შიშის გადალახვა  და ვალდებულების აღება სიცოცხლის დასაცავად, ყველაზე ადრეულ ეტაპზეც კი. 
სარა პეილინისა და სხვა კონსერვატორი ქალების ფემინისტურმა თვითიდენტიფიკაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფემინისტური მეინსტრიმიდან უამრავმა ავტორმა მათ საკუთარ კლუბში მიღებაზე უარი უთხრა.  ერთ-ერთი პირველი, თანამედროვე ფემინისტთა გურუ გლორია სტეინემი იყო, რომელმაც პეილინის განცხადებები ფემინიზმის შეურაცხყოფადაც მიიღო. სხვებიც აცხადებენ, რომ ვინც აბორტს დაუშვებლად მიიჩნევს, არ შეიძლება, ფემინისტი იყოს. 

სწორედ აბორტის უფლება არის ყველაზე სენსიტიური და ფუნდამენტური სადავო საკითხი, თანამედროვე მეინსტრიმულ ფემინისტებსა და მათ შორის, ვინც კონსერვატორ ფემინისტებს უწოდებს თავს. პირველები თვლიან, რომ ეს ქალის არჩევანია, რომელიც მას ათავისუფლებს. მეორენი კი, ამბობენ, რომ აბორტი მკვლელობაა და ის უფლება ვერ იქნება. ეს ქალები თავს სიცოცხლის დამცველ ფემინისტებსაც უწოდებენ. ისინი აკრიტიკებენ მათ, ვინც ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობისთვის მიმართული ბრძოლა, სიცოცხლის განადგურების უფლების მოპოვებისთვის ბრძოლამდე დაიყვანა. 

გარდა ამისა, კონსერვატორი ფემინისტები ამბობენ, რომ ქალების სახელით ლაპარაკი არ შეიძლება ექსკლუზიური უფლება იყოს. ყველას, ვისაც ქალებისთვის უკეთესი ცხოვრება უნდა, შეუძლია თავს ფემინისტი უწოდოს. ისინი თანამედროვე მეინსტრიმულ ფემინისტებს, ჩაკეტილ საზოგადოებას უწოდებენ, რომელსაც განსხვავებულობის მიღება არ შეუძლია. თვლიან, რომ მსგავსი დამოკიდებულება ქალის დამცირებაა. აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია, მრავალ საკითხზე განსხვავებული აზრი შეიქმნას – აბორტიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული.

დღეს კონსერვატორი ქალები სხვა ფემინისტებს იმასაც საყვედურობენ, რომ მათ წლების განმავლობაში მთავრობის ზრდა და სხვადასხვა სფეროში ჩარევა წაახალისეს. თავად  სწორედ ამის წინააღმდეგ აპირებენ ბრძოლას. თანამედროვე ფემინისტებს ორმაგ სტანდარტებშიც ამხელენ. თვლიან, რომ მათი ყურადღება ქალების ჩაგვრაზე ისეთ საზოგადოებებშია მიმართული, სადაც ამის საჭიროება არ არის. ამ დროს კი, მაგალითად, მხარს უჭერენ გაეროს, სადაც ირანი, ქალთა უფლებების ერთ-ერთი მთავარი დამრღვევი, ქალთა სტატუსის შესახებ კომისიაში აირჩიეს.

აზრთა სხვადასხვაობამ და ურთიერთკრიტიკამ ფემინიზმის შესახებ დისკუსია განაახლა –  იმაზე, თუ რა არის მისი არსი, ვის შეიძლება ეწოდოს ფემინისტი და რა როლი აქვთ მათ თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იოლი არაა. ცოტა თუ იდავებს იმაზე, რომ ფემინიზმი არც არის და არც არასოდეს ყოფილა ერთიანი იდეოლოგია. მისი ისტორია უამრავ კონფლიქტს, დებატსა და უთანხმოებას მოიცავს.
ფემინიზმის ყველაზე გავრცელებული ენციკლოპედიური განმარტებაა, რომ ეს არის თეორია სქესთა შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თანასწორობაზე. მეორადი განმარტებით, ფემინიზმი მაშინ არსებობს, როდესაც ქალთა სახელით მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ორგანიზებულად მოქმედებენ. ეს განმარტებები ვერც ყველა მიმართულებას იტევს და სიტყვებიც – უფლებები და ინტერესები – ძალიან ბევრჯერ სხვადასხვანაირად განმარტეს. 

საწყის ეტაპზე მიზნები ბევრად უფრო ცხადი იყო – ქალები ითხოვდნენ, რომ მამაკაცების თანასწორი პოლიტიკური და იურიდული უფლებები ჰქონოდათ – ხმის მიცემიდან დაწყებული, საკუთრების უფლებით დამთავრებული. ამას, სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით, მსოფლიოს დიდ ნაწილში მიაღწიეს კიდეც. შემდეგ ბევრმა ჩათვალა, რომ ქალთა მოძრაობამ თავი ამოწურა. თუმცა, 60-იან წლებში ფემინიზმმა თავი ახალი სახით იჩინა –  იდეოლოგიად იქცა და პოლიტიკური განზომილებაც შეიძინა. 

-იანელი ფემინისტებისთვის, რომლებსაც მეორე ტალღის ფემინისტებს უწოდებენ, უფლებრივი თანასწორობა აღარ იყო საკმარისი. ამბობდნენ, რომ მიუხედავად უფლებრივი თანასწორობისა, ქალებს, კულტურული ნორმებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში წინსვლისას ბევრი დაბრკოლება ხვდებათ. მეორე ტალღის სლოგანი გახდა – პირადი პოლიტიკურია. მას შემდეგ ფემინისტები ეძებენ გზას, რომ მეტად ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, რათა გარდაქმნან “პატრიარქალური” მსოფლიო. თუ როგორ და რა გზით, ამაზე შეთანხმება ნამდვილად არ მიღწეულა. ფემინიზმი ბევრი მიმართულებით გაიშალა – მარქსიზმიდან დაწყებული, ლიბერალიზმით დამთავრებული. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ფემინიზმი ყოველთვის მარცხენა ფრთაზე იყო და ანტიკაპიტალისტურობით გამოირჩეოდა. 
ფემინისტური იდეები ევროპიდან საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შემოვიდა. ერთ-ერთ პირველ ფემინისტად ეკატერინე გაბაშვილი ითვლება. მან ქალებისთვის ხელსაქმის სკოლაც გახსნა, სადაც მოსწავლეებს ზოგად განათლებასაც აძლევდა. ხელობის სწავლამ ამ ქალებს საკუთარი შემოსავალი გაუჩინა. საგანმანათლებლო მოძრაობის გვერდით, მე-20 საუკუნის დასაწყისში სუფრაჟისტული მოძრაობა გააქტიურდა, რომელიც უკვე ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას ისახავდა მიზნად. მას ბრიუსელში განათლებამიღებული კატო მიქელაძე ხელმძღვანელობდა. ის ფემინისტურ გაზეთსაც – „ხმა ქართველი ქალისა” – რედაქტორობდა.  რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, ქალებისა და მამაკაცების გათანაბრება სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკის ნაწილი იყო, ამიტომ ამას ქალთა მოძრაობის მიღწევად არ თვლიან. 
ქართული, თანამედროვე გაგებით, ფემინისტური მოძრაობა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენდა, საქართველოში არც დამოუკიდებლობის მოპოვებამდე არსებობდა და არც შემდეგ. დღეს ქართველი ფემინისტები, ძირითადად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურობენ. ერთ-ერთი მიმართულება, მაგალითად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაა. მათი ნაწილი ასევე თვლის, რომ ქალები პოლიტიკაში უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რასაც ხელს გენდერული სტერეოტიპები უშლის. ამის მაგალითად, პარლამენტში სულ 9 ქალის ყოფნა მოჰყავთ. შესაბამისად, ისინი გენდერული კვოტირების იდეას ლობირებდნენ. ეს იდეა, როგორც დისკრიმინაციული და არასაჭირო, უარყვეს. 

ოპონენტები ამბობენ, რომ ქალებს ხელოვნური ბარიერები არ აქვთ. დანარჩენი კი მათ სურვილსა და აქტიურობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სტერეოტიპებს, სოციოლოგიურ კვლევებს იმოწმებენ. მაგალითად, 2009 წელს, NDI-ის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4%-მა თქვა უარი, რომ არჩევით თანამდებობაზე ქალ კანდიდატს მისცეს ხმა. 

დღესდღეობით, ცივილიზებულ მსოფლიოში ბევრი ქალი მათი სახელით მოლაპარაკე ფემინისტებთან საერთოს ვერ პოულობს. ზოგიც თვლის, რომ თანამედროვე ფემინისტებს სარგებელზე უფრო მეტი ზიანი მოაქვთ ქალებისთვის და მთლიანად დასავლური საზოგადოებისთვის. მოძრაობა ფუნქციურადაც დრომოჭმულად მიაჩნიათ. ეს განსაკუთრებით იმ საზოგადოებებზე ითქმის, სადაც ქალებს საჯარო სივრცეში წარმატებას მისაღწევად ხელს არაფერი უშლის და არჩევანის თავისუფლებაც გარანტირებული აქვთ. მათ შეუძლიათ, მხოლოდ კარიერაზე იზრუნონ, ანაც მხოლოდ დიასახლისის როლი მოირგონ. ცხადია, ამ ორი და სხვა საქმიანობების შეთავსებაც მათ სურვილზეა დამოკიდებული. 

ამის ფონზე კონსერვატორი ქალების ნაწილის მხრიდან საკუთარი თავის ფემინიზმთან იდენტიფიცირება, გასაკვირია. თუმცა, მეორე მხრივ, მათ ვერავინ დაუშლის ქალებთან დაკავშირებული საკითხების ფემინიზმის სახელით ადვოკატირებას. შესაძლოა, მიზანიც ისაა, რომ რამდენიმე ჯგუფს, ქალთა ბედნიერებისთვის მებრძოლთა ერთადერთობის ექსკლუზივი ჩამოერთვას  

რამდენად წარმატებული იქნება კონსერვატიული ფემინიზმი და გამოუჩნდებიან, თუ არა მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ჯერჯერობით, ნამდვილად რთული განსასაზღვრია.  
 
 

კომენტარები