კადაფის ოჯახი ალჟირშია

მუამარ კადაფის ცოლი და სამი შვილი ალჟირში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ალჟირის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, კადაფის ცოლი სოფია, ქალიშვილი აიეშა და ორი ვაჟი, მოჰამადი და ჰანიბალი ალჟირში 29 აგვისტოს შევიდნენ. ალჟირის მთავრობას ჯერ არ უღიარებია ლიბიელ ამბოხებულთა ნაციონალური გარდამავალი საბჭო. საბჭოს წარმომადგენელ მაჰმუდ შამანის თქმით, კადაფის ოჯახის წევრები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და გასამართლდნენ.

ამბოხებულებმა ოთხი მასობრივი საფლავი იპოვეს. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთ მათგანში, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმოაჩინეს, სავარაუდოდ არმიის იმ ოფიცრების გვამებია, რომლებმაც კადაფის მხარეზე ბრძოლა არ ისურვეს.

ამბოხებულები მიიწევენ კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტესკენ. თავად კადაფის ადგილსამყოფელი ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით ის, შესაძლოა, ისევ ტრიპოლიში იმყოფებოდეს.

გაურკვეველია კადაფის დანარჩენი ვაჟების ადგილსამყოფელი. ისინი შესაძლოა კადაფისთან ერთად იმალებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვაჟი ხამისი და კადაფის სიძე აბდულა ალ-სანუსი ამბოხებულებთან ერთ-ერთ შეტაკებაში დაიღუპნენ.

კომენტარები