ბაიდენი: აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური სტაბილურობისთვის

 ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა, თავის ჩინელ კოლეგას, ძი ჯინპინგს, განუცხადა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ამერიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ძი ჯინპინგმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის  ახლა ეკონომიკური ურთიერთობებია ყველაზე მნიშვნელოვანი: ”როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკა, ჩინეთი და აშშ, ვალდებულები არიან, გააძლიერონ მაკროეკონომიკური პოლიტიკური თანამშრომლობა, რათა უზრუნველყონ მსოფლიო ბაზრის სტაბილურობა”. ჯინპინგი ჩინეთის მომავალ ლიდერად მოიაზრება. ის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სავარაუდოდ 2012 წელს, პრეზიდენტი კი 2013 წელს გახდება. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჩინეთში აშშ-ის ვალზე დებატებით გამოწვეული დაძაბულობის განსამუხტად ჩავიდა. ჩინეთი აშშ-ის საგარეო ვალიდან  1 ტრილიონ დოლარს, ყველაზე დიდ წილს ფლობს. ის ხშირად აკრიტიკებს ამერიკის ”დამოკიდებულებას ვალზე”.

5 დღიანი ვიზიტისას საუბარი უმეტესწილად ეკონომიკურ საკითხებზე გაიმართება, თუმცა გეგმის მიხედვით პოლიტიკოსები არ ისაუბრებენ ჩინეთის ეკონომიკურ პრობლემებზე. საუბარი იქნება აშშ-ის მიერ ტაივანისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვის საკითხზეც. ობამას ადმინისტრაციამ პირველ ოქტომბრამდე უნდა გადაწყვიტოს, მიჰყიდის, თუ არა F-16 ტიპის თვითმფრინავებს ტაივანს.

 

კომენტარები