გეგუჩაძემ ზესტაფონი დატოვა

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. მისი განცხადებით, ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში ვერმოხვედრა და საკუთარი თავისათვის დასახული მიზნების გადაუჭრელობა გახდა.

გია გეგუჩაძე - ისევე, როგორც გუნდს, მწვრთნელსაც აქვს უფლება თავის თავს გარკვეული მიზნები და ამოცანები დაუსახოს. რისი გაკეთებაც მინდოდა, ის ვერ მოვახერხე და თანამდებობიდან წავედი. შეიძლება ითქვას, რომ ამით საკუთარი თავი დავსაჯე. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ზესტაფონის ხელმძღვანელობას შტურმთან წაგებული შეხვედრის შემდეგ ვაცნობე. უბრალოდ განცხადება მაშინვე არ გავაკეთეთ. კლუბის მეპატრონეს უნდოდა გუნდში დავრჩენილიყავი. ამის შემდეგ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან და მოთამაშეებთან კონფლიქტი უარყო - ეს სიმართლეს არ შეეფერება. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა. ვინმესთან კონფლიქტის გამო არ დავტოვე თანამდებობა. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ მივიღე. ადვილი არ იყო, მაგრამ ვეღარ დავრჩებოდი.

გასული ჩემპიონატის მოგებისა და ევროტურნირებზე საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაშის ჩვენების შემდეგ გეგუჩაძის ასეთი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. თანაც ორ დღეში, 18 აგვისტოს იმერული გუნდი თბილისში ევროპის ლიგის ფლეი ოფში ბელგიურ ბრიუგეს მასპინძლობს. ამ შეხვედრისათვის ზესტაფონს გია ჭიაბერაშვილი მოამზადებს.

კომენტარები