იერუსალიმის საპატრიარქო რუსეთის ეკლესიას აფრთხილებს

წმინდა მიწაზე სრული კანონიკური იურისდიქციის მფლობელმა, იერუსალიმის საპატრიარქომ, გამოსცა განმარტება, რომელიც უკავშირდება იერუსალიმში რუსეთის საეკლესიო მისიის მიერ ე.წ „რუსული მომლოცველობითი ცენტრის“ მშენებლობას, მაცხოვრის ნათლობის ადგილთან. იერუსალიმის ეკლესიის  განცხადებით, ცენტრი შენდება მიწაზე, რომელიც იორდანიის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას გადასცა 2007 წელს, ქვეყანაში პრემიერ პუტინის ვიზიტისას. 2008 წელს მშენებლობა დაიწყო, ხოლო ცენტრის გახსნა შემოდგომაზე იგეგმება.

იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა შეახსენა რუსეთის ეკლესიას, რომ „თავდაპირველად ცენტრის მშენებლობაში მოიაზრებოდა მხოლოდ მომლოცველთა სასტუმროს მშენებლობა, ტაძრისა და სამრეკლოს გარეშე და არა ერთგვარი კომპლექსის. ტაძრის მშენებლობა უცხო საპატრიარქოს მიერ არაკანონიკური იქნებოდა და მიგვიყვანდა საეკლესიო და სამომლოცველო წესრიგის რღვევამდე. ეს კი აისახებოდა ქრისტესმიერ ერთიანობაზე მთელს მსოფლიოში“

იერუსალიმის საპატრიარქოს მსგავსი გაფრთხილება წინ უძღოდა რამდენიმე თვის წინ, რუმინეთის საპატრიარქოს მიერ წმინდა მიწაზე ტაძრის თვითნებურ მშენებლობას. ამას საბოლოოდ ორ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა მოჰყვა.  

იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობს, საკუთარი კანონიკური იურისდიქციის დაცვას, იმ პირობებში, როცა ყველა სხვა ეკლესიას უჩნდება სურვილი, წმინდა მიწაზე საკუთარი ტაძარი გახსნას. თუ რუსეთის საპატრიარქოში ამ დიპლომატიურ მინიშნებას ყურად არ იღებენ, არ არის გამორიცხული იერუსალიმის საპატრიარქომ ჩვეული პრინციპულობა გამოიჩინოს.

კომენტარები