რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: საქართველო სისხლის სამართლის დამნაშავეა

დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა  განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველომ  ჩაიდინა  სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც ამ კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოძიებაც ადასტურებს. -ამის შესახებ რუსულ სააგენტო იტარტასს  საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განუცხადა. მისი  თქმით, ცხინვალზე თავდასხმა 2008 წელს დაგეგმილი იყო საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების მიერ და ამის გამო ისინი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ. მან სააგენტოსთან საუბრისას  აღნიშნა რომ „შეკრებილი მტკიცებულებები, შეიარაღებული თავდასხმის მასშტაბი, საქართველოს  სამხედრო, პოლიტიკური და პროპაგანდისტული მომზადება, საფუძველს აძლევს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს დაასკვნას, რომ ამ თავდასხმის მიზანი   ოსური მოსახლეობის და ცხინვალის ტერიტორიაზე მოქმედი რუსი მშვიდობისმყოფელების განადგურება იყო" -განაცხადა მარკინმა. 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დაწყებამდე მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონების ქართული სოფლების მსხვილკალიბრიანი იარაღიდან მასირებული დაბომბვა . 5 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში მომუშავე ეუთოს მისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქართული სოფლები კონფლიქტის ზონაში აკრძალული შეიარაღებიდან იბომბებოდა. დასკვნას ხელს აწერდა რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის სარდალი მარატ კულახმეტოვი. 2008 წლის 7 აგვისტოს კოკოითის შერაღებულმა ფორმირებებმა და რუსეთიდან გადმოსულმა სამხედრო ნაწილებმა ალყა შემოარტყეს სოფლებს ავნევსა და ნულს, პარალელურად მიმდინარეობდა  ამ სოფლების ინტენსიური დაბომბვა. იმავე დღეს მარატ კულახმეტოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ  ვერ აკონტროლებდა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის უკანონო შეიარაღებებს და ქართული სოფლების დაბომბვის შეჩერება არ შეეძლო.   საქართველოს ხელისუფლებამ,  იმ  საცეცხლე წერტილების განადგურების ნებართვა გასცა, საიდნაც სოფლებს ბომბავდნენ. 8 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ნაწილები ცხინვალის რეგიონში შევიდნენ და დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი.

საომარი მოქმედებები  საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს მედვევდევი სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ შეწყდა. ამ გეგმის მიხედვით, რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უნდა გაეყვანა საკუთარი სამხედრო ნაწილები, ხოლო ქართული სამხედრო ნაწილები უნდა დაბრუნებულიყვნენ საკუთარი დისლოკაციის ადგილებზე. ქართულმა მხარემ საკუთარი ვალდებულება შეასრულა. რუსეთმა ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილ იქნა ეთნიკურად ქართველი  მოსახლეობა, ქართული სოფლები მიწასთან გასწორდა. ცხინვალის რეგიონში ომის დროს და ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები, გაერომ ოფიციალურად შეაფასა, როგორ ეთნოწმენდა ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. 

კომენტარები