ქაიროში მუბარაქის სასამართლო პროცესი იწყება

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, 83 წლის ჰოსნი მუბარაქი, რომელიც პოსტიდან თებერვალში, მასობრივი დემონსტაციების შემდეგ გადადგა, ქაიროში სასამართლოს წინაშე წარსდგება. აქამდე მუბარაქი ქალაქ შარმ-ელ-შეიხის ჰოსპიტალში იმყოფებოდა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

მუბარაქს ბრალად ედება კორუფცია და საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სასამართლოს წინაშე აგრეთვე წარსდგებიან მუბარაქის ვაჟები, ალაა და გამალი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინსიტრი ჰაბიბ ალ-ადლი და კიდევ 6 ყოფილი თანამდებობის პირი. ალ-ადლისთვის ეს მეორე სასამართლო პროცესი იქნება. მაისში მას ფულის გათეთრებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისათვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სასამართლო პროცესი კაიროს კონვენციის ცენტრში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების მოტივით, ის პოლიციის აკადემიის შენობაში გადაიტანეს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენობასთან 3,000 ჯარისკაცი და პოლიციელია მობილიზებული. ბრალდებულებისათვის სპეციალური გალიები დაამზადეს. სასამართლო პროცესებს დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრება.

მუბარაქი ქაიროში თვითმფრინავით გადაიყვანეს, რომელიც სამხედრო აეროპორტში 3 აგვისტოს დაეშვა. შარმ-ელ-შეიხში მუბარაქი აპრილიდან იმყოფებოდა. პოლიციის აკადემიის შენობის გარეთ მუბარაქის მხარდამჭერები და ოპონენტები შეიკრიბნენ. მათ ერთმანეთს ქვები და ბოთლები დაუშინეს. ასეულობით პოლიციელს მათ შეკავება უხდება.

მუბარაქი 18-დღიანი დემონსტრაციების შემდეგ, 11 თებერვალს გადადგა. ქაიროში, ტაჰრირის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციებს 850 ადამიანი შეეწირა.

მუბარაქის ადვოკატი ირწმუნება, რომ მის კლიენტს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. თუ მუბარაქი რაიმე მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლოში, ქაიროს ქუჩებში მის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის დაპირისპირება შეიძლება გამძაფრდეს.

ამჟამად ეგვიპტეში ხელისუფლებას სათავეში სამხედრო ძალების უმაღლესი საბჭო უდგას. მოსახლეობის ნაწილი კი სასამართლოს მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ისინი მიიჩნევენ, რომ სამხედროები ექს-პრეზიდენტის შეურაცხყოფას არ დაუშვებენ.

ბოლო თვეების მანძილზე ტაჰრირის მოედანზე პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები. დემონსტრანგები აპროტესტებდნენ ქვეყანაში პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების ნელ ტემპს. ისინი აგრეთვე ითხოვდნენ ყოფილი მაღალჩინოსნების გასამართლებას. 1 და 2 აგვისტოს ჯარის ნაწილებმა და პოლიციამ იმ დროისათვის დარჩენილი მცირერიცხოვანი დემონსტრანტები ტაჰრირის მოედნიდან გააძევეს.

კომენტარები