სტროს-კანის დამლაგებელმა საკუთარი ისტორია მოყვა

ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს ყოფილმა დამლაგებელმა ნასაფიტუ დიალომ გახმაურებული ამბის საკუთარი ვერსია გაზეთებს მოუყვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელსა და საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ყოფილ ლიდერს, 62 წლის დომინიკ სტროს-კანს დიალო გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

Newsweek-თან საუბარში დიალომ განაცხადა, რომ ოთახში შესვლისთანავე მას ეცა სტროს-კანი, რომელიც ”გიჟს ჰგავდა.” ეჭვმიტანილის ადვოკატებმა ინტერვიუს დამლაგებლის მიერ თანხის გამოძალვის ”ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობა” უწოდეს.

ნიუ-იორკელებზე დიალოს მონაყოლმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მათ დამლაგებლის სანდოობაში ჯერ კიდევ მაშინ შეიტანეს ეჭვი, როდესაც მან თავისი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვინეის ყოფილმა მოქალაქემ სამშობლოდან ამერიკაში გადასახლებისთვის ჯგუფური გაუპატიურების ისტორია შეთხზა, რის საფუძველზეც აშშ-ს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა.

კომენტარები