ჩავესი პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით აპირებს

ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა, რომელიც ჯერ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელებულა კიბოსგან, განაცხადა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ინფორმაცია ვენესუელას სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. ქვეყანაში პრეზიდენტის პოსტი 6 წლიანია. 56 წლის ჩავესი პრეზიდენტის პოსტზე 1999 წლიდანაა. 2009 წელს, რეფერენდუმით გაუქმდა პრეზიდენტის მხოლოდ ორი ვადით არჩევის შეზღუდვა. 
ჩავესი სამშობლოში 23 ივლისს კუბიდან დაბრუნდა, სადაც ქიმიოთერაპიით მკურნალობდა.

24 ივლისს ეროვნული გმირის, სიმონ ბოლივარის დაბადების წლისთავის აღსანიშნავ მიმართვაში ჩავესმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ადრე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი ავადმყოფობის შესახებ, ჩავესი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ. მან ისაუბრა მკურნალობის დეტალებზე და უარყო ხმები, თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუშლის საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.

კომენტარები