ურუგვაი ფინალშია და მეტოქეს ელის

 კოპა ამერიკას შემორჩენილმა ერთ-ერთმა ფავორიტმა, ურუგვაის ნაკრებმა ნახევარფინალში პერუ 2:0 დაამარცხა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი უძლიერესია და ყველაზე გუნდურ ფეხბურთსაც თამაშობს. ამასთან ერთად, რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტიც ჰყავს, რომლებიც თავის საქმეს კარგად აკეთებენ. ამჯერად, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლუის სუარესმა გაიბრწყინა. მან ხუთი წუთის ინტერვალში მოწინააღმდეგე ორი გოლით ”დაასაჩუქრა” და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ბევრ სპეციალისტს ეგონა, რომ ურუგვაის ნაკრები წლევანდელ კოპა ამერიკას ჩააგდებდა. ფიქრობდნენ, რომ შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდს ჩავარდნა დაეწყებოდა. ამას ამტკიცებდნენ დიეგო ფორლანის შედარებით სუსტად ჩატარებული სეზონიდან და ედისონ კავანის ტრავმიდან გამომდინარე. საბოლოოდ კი საპირისპირო მოხდა. ურუგვაი პარაგვაისთან ერთად ყველაზე გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს და ალბათ, როგორც ნაკრები გაცილებით პრაგმატული გახდა - კარგად დაბალანსებული დაცვით და ძლიერი თავდასხმით.

ხვალ გამთენიისას ჩატარდება მეორე ნახევარფინალური შეხვედრა. იქ ერთმანეთის წინააღმდეგ პარაგვაისა და ვენესუელას ნაკრებები ითამაშებენ. პარაგვაელებისგან ამ ეტაპამდე მისვლა განსაკუთრებით გასაკვირი არ არის, აი, ვენესუელელებისგან კი ამას არავინ ელოდა. კონტინენტის ერთ-ერთმა ყველაზე მოკრძალებულმა გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და ახლა მედლებისთვისაც იბრძვის.

კოპა ამერიკა, ნახევარფინალი

ურუგვაი - პერუ 2:0

გოლები: 1:0 ლუის სუარესი (52 წთ), 2:0 ლუის სუარესი (57)

ურუგვაი: მუსლერა, მ. პერეირა, ლუგანო, კოატესი, კასარესი, გარგანო (ეგურენი 70 წთ.), რიოსი, ა. პერეირა, გონსალესი, ფორლანი, სუარესი (ერნანდესი 70 წთ.)

პერუ: ფერნანდესი, როდრიგესი, აკასიეტე, ვილჩეზი, კარმონა, იოტუნი (ჩიროკე 53 წთ.), ბალბინი (ბალონი 90 წთ.), კრუსადო, ვარგასი (69 წთ. წით. ბარათი), გერერო, ადვინკულა (ლობატონი 60 წთ.)

კომენტარები