სატელეფონო მოსმენების გამო სკოტლენდ-იარდის კომისარი გადადგა

ბრიტანულ ტაბლოიდ News of the World-თან დაკავშირებული სკანდალის გამო სკოტლენდ-იარდის ხელმძღვანელი, სერ პოლ სტივენსონი გადადგა. სამართალდამცველების მტკიცებით, NoW-ს ჟურნალისტები წლების განმავლობაში უსმენდნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების სატელეფონო საუბრებს. კომისარი სტივენსონის თქმით, ის თანამდებობიდან  იმიტომ გადადგა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს NoW-ს ჟურნალისტები ბრიტანეთის პოლიციასთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. გამოძიების ინფორმაციით, იყო შემთხვევა, როცა ამ ტაბლოიდის ჟურნალისტები პოლიციელებს ქრთამს აძლევდნენ სატელეფონო მოსმენების სანაცვლოდ. სტივენსონის რეპუტაციას დარტყმა მიაყენა იმ ფაქტმაც, რომ ცოტა ხნის წინ სკოტლენდ-იარდის PR კონსულტანტად ნილ უოლისი, NoW-ს მთავარი რედაქტორის ყოფილი მოადგილე აიყვანეს. უოლისი მოსმენების საქმესთან დაკავშირებით გასულ კვირას დააკავეს. კომისარმა სტივენსონმა ნილ უოლისის სამსახურში აყვანასთან კავშირი უარყო. ”მე არანაირ როლს არ ვთამაშობდი უოლისთან კონტრაქტის დადებაში,” აღნიშნა ბრიტანელმა კომისარმა.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი News of the World (NoW) გაზეთის მფლობელის, რუპერტ მერდოკის გადაწყვეტილებით უკვე დაიხურა. გაზეთის ბოლო ნომერი კვირას გასულ კვირას გამოვიდა. ”ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის მეთოდები ჟურნალისტიკის იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რომლებისაც მე და ჩემს კომპანიას გვჯერა,” განაცხადა  რუპერტ მერდოკის შვილმა, ჯეიმს მერდოკმა.

უკანონო სატელეფონო მოსმენების გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა NoW-ის ორი თანამშრომელი დააკავეს და სამეფო ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრების არალეგალურად მოსმენაში ცნეს დამნაშავედ. უკანონო მოსმენების შესახებ ახალი დეტალები ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდა. გაირკვა, რომ გაზეთის ჟურნალისტები ლონდონში 2005 წლის 7 ივლისს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდნენ. News of the World-ი, 168 წლის მანძილზე იბეჭდებოდა. 2011 წელს ის 2.8 მილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა.  

კომენტარები