#4 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

პოლიტიკური პარტია  „თავისუფალი საქართველო“ #4 სამარშუტო ხაზის მძღოლებთან ერთად,  თბილისის საკრებულოსა და სამარშრუტო ხაზების  მფლობელებს ნაკისრი ვადებულებების შერულებისკენ მოუწოდებს. მძღოლების აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმდინარეობს.  პარტიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ განუცხადეს, რომ 17 ივლისს  #4 სამარშრუტო  ხაზის მძროლები გაიფცინენ. ისინი  მგზავრთა ნაკლებობის გამო, მფლობელების მიერ  დაწესებული გეგმის დაწევას მოითხოვდნენ. მგზავრთა ნაკლებობა მგზავრობის საფასურის გაძვირებამ გამოიწვია. გასული პარასკევიდან #4 სამარშრუტო ხაზზე ახალი მიკროავტობუსები მოძრაობენ. პირველი მგზავრობის საფასური 80 თეთრი, მომდევნო მგზავრობების კი 65 თეთრია. „გაფიცვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ავტოფარეხში კომპანია „თბილისის მიკროვატობუსის“ დირექტორი დავით ასანიძე და საკრებულოს წარმომადგენელი აკაკი ჯოხაძე მივიდნენ, რომლებმაც მძღოლებს სთხოვეს, პროტესტი არ გაეხმაურებინათ. ამასთან, მათ პირობა დადეს, რომ სულ ცოტა ხანში მთელი თბილისის მასშტაბით მგზავრობის ღირებულება ყველა ხაზისთვის 80 თეთრი იქნება, მანამდე კი ყველა სამარშრუტო ტაქსის ეყოლება გამყოლი, რომელიც მგზავრთა რაოდენობას აღრიცხავს,“ განუცხადეს სააგენტოს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა.

გასულ კვირას #4 სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის გაძვირების გამო გამოწვეული პროტესტის  კომენტირებისას თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მგზავრობა მხოლოდ ამ ხაზზე გაძვირდებოდა. 

სატრანსპორტო კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" 2010 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას უწევს მმართველობას და 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებულ ყველა სამარშრუტო ტაქსის ახალი მანქანებით ჩაანაცვლებს. კომპანიამ ვალდებულება აიღო დაასაქმოს ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ სფეროში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. 

გასულ თებერვალს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდებოდა.  „სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," თქვა მან. ახვლედიანის ეს განცხადება  თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

კომენტარები