აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა წარდგენის ვადა ამოიწურა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭს სულ სამი კანდიდატი იყრის: დე ფაქტო პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა, ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ანქვაბი და ყოფილი დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი რაულ ხაჯიმბა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სერგეი შამბასთან ერთად ე.წ. არჩევნებში ვიცე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დე ფაქტო თავმჯდომარის მოადგილე შამილ არძინბა. რაულ ხაჯიმბასთან ერთად დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს ”პირველი  პრეზიდენტის” ფონდის ხელმძღვანელი სვეტლანა ჯგერენაია. ალექსანდრ ანქვაბის კანდიდატი ვიცე პრემიერის პოსტზე კი არის გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი მიხეილ ლოგუა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება. ვადამდელი ”არჩევნები” აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. ფაღაფში 29 მაისს მოსკოვში ფილტვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთში არჩევნები ქართული კანონმდებლობის დარღვევით ტარდება. ”არჩევნები მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში,” თქვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ”შესაბამისად, ყველა კომპონენტი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან შეიძლება კავშირში იყოს, ირღვევა და ჩვენ არა მხოლოდ პოზიტიური შედეგის იმედი არა გვაქვს, არამედ ამ არჩევნებს არ განვიხილავთ ლეგიტიმურად,” დასძინა მან. 

კომენტარები