სენსაციური კოპა ამერიკა

არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკა ფავორიტების ოცნებების სასაფლაოდ გადაიქცა. ჯერ ტურნირის მასპინძელმა და ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა არგენტინამ მეოთხედფინალში დაასრულა ასპარეზობა. ძირითადი დროის 1:1 დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში ურუგვაიმ  4:2 გაიმარჯვა. თავის მუდმივ კონკურენტსა და ოპონენტს ბრაზილიაც არ ჩამორჩა და მანაც მეოთხედფინალი წააგო. პარაგვაისთან დაპირისპირებაში ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა. აი, პენალტების სერიაში კი საოცრება მოხდა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა ოთხი დარტყმიდან ვერცერთი გაიტანეს. პარაგვაელებმა სამიდან ორი შეაგდეს და თამაშიც დაასრულეს - 2:0.

ყველაფერი ამით არ დამთავრდა. ასევე ფავორიტად შერაცხულმა კოლუმბიამ დამატებით დროში წააგო შეხვედრა პერუს ნაკრებთან - 0:2. არადა მთელი ძირითადი დრო კოლუმბიელები დომინირებდნენ. ერთი პენალტიც მოიპოვეს და მისი გატანით ყველაფერს დაასრულებდნენ, მაგრამ ფალკაომ ბურთი კარს ააცილა და პერუელებს შანსი შეუნარჩუნა. მათაც ბოლომდე გამოიყენეს საჩუქარი და დამატებით დროში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი მიართვეს.

მეოთხე მეოთხედფინალში ვენესუელა ჩილეს კარგად მოთამაშე ნაკრებს შეხვდა. ვენესუელელებმა კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზეს და გაცილებით ძლიერ მეტოქეს საბოლოოდ 2:1 აჯობეს.

გამარჯვებულმა გუნდებმა ნახევარფინალური წყვილები შეადგინეს. პერუს ნაკრები ურუგვაის შეხვდება. პარაგვაი კი ვენესუელას დაუპირისპირდება. ეს თამაშები 20 და 21 ივლისს გაიმართება.

კომენტარები