მექსიკაში მარიხუანას ყველაზე დიდ პლანტაციას მიაგნეს

მექსიკაში სამართალდამცველებმა მარიხუანას ყველაზე დიდ პლანტაციას მიაგნეს. უცხოური მედიის ცნობით, პლანტაცია მექსიკის ჩრდილოეთით, ქვემო კალიფორნიის შტატში სამხედრო პატრულის ოფიცრებმა აღმოაჩინეს.

მექსიკელი პოლიციელების თქმით, მარიხუანას პლანტაციის ფართობი 1.2 კვადრატული კილომეტრია, ხოლო პლანტაციაზე მოყვანილი მარიხუანას წონა დაახლოებით 120 ტონას უდრის, მოსავლის საბაზრო ფასი კი 160 მილიონ დოლარს აღწევს. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, თუმცა ოფიციალური პირები ჯერჯერობით საჯაროდ არ ამბობენ, თუ ვის ეკუთვნოდა პლანტაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობით აშშ-ს საზღვრიდან 300 კილომეტრში მდებარე პლანტაცია ზემოდან კაქტუსებით იყო დაფარული იმ მიზნით, რომ ის  ვერტმფრენიდან არავის შეემჩნია. „ქვემო კალიფორნიის შტატში მარიხუანას პლანტაციის აღმოჩენა მექსიკაში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული ადამიანებისთვის დიდი დარტყმა იქნება,“ წერია მექსიკის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

კომენტარები