სერდიუკოვი: მოსკოვი აფხაზეთში დამატებით ძალებს არ შეიყვანს

მოსკოვი არ აპირებს რუსი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის გაზრდას აფხაზეთის ტერიტორიაზე.  ამის შესახებ დღეს სოხუმში ვიზიტით მყოფმა  რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა. „ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აფხაზეთში რუსი სამხედროების რიცხვი არ გაიზრდება,” თქვა მან.  

21 ივნისს  რუსულმა სააგენტო Life News-მა  გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს შორის გამართულ დახურულ  შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აფხაზეთში   საოკუპაციო ჯარების რაოდენობა გაორმაგდებოდა. ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ რუსეთის თავადაცვის უწყების ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა.

Life News-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ „საქართველოს მხრიდან გრძელდება პარტიზანული ომი გალის რაიონში“  და ამიტომ  სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ნაადრევად მიიღონ ზომები ”საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედებების აღსაკვეთად“. სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, 2013 წლამდე  რუსული ჯარის რაოდენობა აფხაზეთში 3500-მდე უნდა გაიზარდოს. ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე  1500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

დღეს სოხუმში ანატოლი სერდიუკოვსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ალექსანდრ ანქვაბს შორის დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ სერდიუკოვმა თქვა, რომ  რუსეთის თავდაცვის უწყება აფხაზეთში სამხედრო ჰოსპიტალს  ააშენებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას ანქვაბმაც დაადასტურა. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო უწყება  აფხაზეთში მაღალტექნოლოგიური სამხედრო ჰოსპიტალ-კომპლქსის აშენებას გეგმავს „რომლის მსგავსიც აფხაზეთში არასოდეს ყოფილა“.  ანქვაბის თქმით, ჰოსპიტალისთვის ადგილის შერჩევა „რუსეთისა და აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება“.

 

 

 

კომენტარები