ვენესუელური სენსაცია და ბრაზილიელების გამარჯვება

არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე რვავე მეოთხედფინალისტი გაირკვა. დღეს გამთენიისას B ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართა, რომელმაც საბოლოოდ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა. ორივე მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ჯერ იყო და პარაგვაისა და ვენესუელას ნაკრებებმა შემოგვთავაზეს საფეხბურთო ტრილერი, რომელმაც გამარჯვებული მაინც ვერ გამოავლინა - 3:3. შემდეგ უკვე ბრაზილიისა და ეკვადორის ჯერი დადგა, სადაც ეკვადორი ერთი საათის განმავლობაში ღირსეულად ებრძოლა ბრაზილიას, მაგრამ საბოლოოდ ძალები არ ეყო და 4:2 დამარცხდა.

ტურნირის უმთავრესი სენსაცია მაინც ვენესუელას ფლეი ოფში გასვლაა. თანაც ამ გუნდმა 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა - ბრაზილიასთან და პარაგვაისთან შეხვედრები ფრედ დაასრულა, ეკვადორს კი საერთოდ აჯობა. არადა აქამდე ეს გუნდი კონტინენტზე ყოველთვის ერთ-ერთ ყველაზე სუსტად ითვლებოდა. პარაგვაისთან მატჩში ვენესუელა თავიდან იგებდა 1:0 სალომონ რონდონის გოლით. შემდეგ, მეორე ტაიმის ბოლოსკენ უკვე აგებდა 1:3 და ყველას ეგონა, რომ ვენესუელა ჯგუფში ჩარჩა, მაგრამ ჯერ 90-ე და შემდეგ დამატებულ დროში მიკუმ და პეროსომ ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს 3:3.

ბრაზილიამ თავის მხრივ კარგა ხანი ვერაფერი მოუხერხა ეკვადორს. მესამოცე წუთამდე ანგარიში 2:2 იყო. ამის შემდეგ კი ბრაზილიელებმა ორი გოლი გაიტანეს. რაც მთავარია, ეს დაპირისპირება ალეშანდრე პატოსა და ნეიმარის ბენეფისად იქცა - ორივე მათგანმა დუბლი შეასრულა. ბრაზილიელებმა საბოლოოდ პირველი ადგილი დაიკავეს.

ამ თამაშების დასრულების შემდეგ გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი. უკვე მანამდე გარკვეულ ოთხ ნაკრებს: არგენტინას, ურუგვაის, კოლუმბიას და ჩილეს კიდევ ოთხი დაემატა - ბრაზილია, ვენესუელა, პარაგვაი და პერუ. გუნდები დაწყვილდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად ემზადებიან.

მეოთხედფინალური წყვილები:

კოლუმბია - პერუ

არგენტინა - ურუგვაი

ბრაზილია - პარაგვაი

ჩილე - ვენესუელა

კომენტარები