საფრანგეთის საგარეო უწყება: კადაფი მზადაა წავიდეს

ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი მზად არის ქვეყანა დატოვოს. ამის შესახებ, კადაფის ახლო გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. „ლიბიის რეჟიმი ყველგან ამოწმებს ნიადაგს - თურქეთში, ნიუ იორკში, პარიზში - და გვთავაზობს პოლკოვნიკ კადაფის წასვლის დეტალები განვიხილოთ,“ განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალან ჟუპემ.

მან დასძინა, რომ ეს მოპალარაკებები არაოფიციალური ხასიათისაა. „ჩვენ ვხვდებით ემისრებს, რომლებიც ამბობენ, რომ კადაფი მზად არის წავიდეს, მოდით, განვიხილოთ დეტალები,“ უთხრა რადიოსადგურ France Info-ს ჟუპემ. ლიბიაში კი უკვე რამდენიმე თვეა სამოქალაქო ომი გრძელდება. ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს პოლკოვნიკმა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია ქვეყანას მართავს, სამხედრო ძალა დაუპირისპირა. ამ დროისთვის ლიბიელი ამბოხებულები ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ. თუმცა, კადაფის ოპონენტები ლიდერის მთავარი დასაყრდენის, დედაქალაქ ტრიპოლის აღებას ვერ ახერხებენ. 

კომენტარები