კოპაზე ფლეი ოფი ახლოვდება

არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჯგუფური რაუნდის დასრულებამდე ორი შეხვედრა დარჩა გასამართი. B ჯგუფში დღეს ღამე ერთმანეთს პარაგვაისა და ვენესუელას, ასევე ბრაზილიისა და ეკვადორის ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები ჯერჯერობით არგენტინაში მოგებას ვერ ახერხებს. ბრაზილიელებმა ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე ფრედ დაასრულეს. თავიდან ვენესუელასთან 0:0, შემდეგ კი უკვე პარაგვაისთან 2:2. ამ წუთისათვის ბრაზილიელები საკუთარ ქვეჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფებიან.

დღეს გამთენიისას უკვე ითამაშეს C ჯგუფის წარმომადგენლებმა და გადაინაწილეს ადგილები. ჩილეს ნაკრებმა პერუ დაამარცხა 1:0 და ამ გამარჯვებით პირველი პოზიცია დაიკავა. მეორე ადგილზე  ურუგვაი გავიდა, რომელმაც თავის მხრივ მექსიკას აჯობა 1:0.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი დღით ადრე უკვე გაირკვა ფლეი ოფის ოთხი მონაწილე. აქედან ორმა მეოთხედფინალური წყვილიც შეადგინა. ერთმანეთთან ურთიერთობას არგენტინელები და ურუგვაელები გაარკვევენ. საკუთარ მოწინააღმდეგეს კი კოლუმბიელები და ჩილელები ელოდებიან.

კოპა ამერიკაზე ფლეი ოფში რვა გუნდი გადის. სამივე ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი. ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა ხვალ დილით გვეცოდინება, როდესაც ჯგუფური რაუნდი დასრულდება.

ჩილე - პერუ 1:0

ურუგვაი - მექსიკა 1:0

მომდევნო მატჩები

პარაგვაი - ვენესუელა

ბრაზილია - ეკვადორი

კომენტარები