ჩავესმა დაადასტურა, რომ სიმსივნე აქვს

ვენესუელის პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა დაადასტურა ცნობები იმის შესახებ, რომ მას სიმსივნე აქვს. ჩავესი უკვე სამი კვირაა კუბაზე იმყოფება სამკურნალოდ. მან ოპერაცია გაიკეთა მენჯის ღრუში აბსცესის მოსაშორებლად. ოპერაციის დროს ექიმებმა აბსცესის გარშემო ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები აღმოაჩინეს. ამიტომ, ჩავესს განმეორებითი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა სიმსივნის მოსაშორებლად.

”ოპერაციის შემდეგ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთანავე, მე დამატებით მკურნალობის კურსს გავდივარ იმ მიზნით, რომ ორგანიზმმა ავთვისებიანი უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლოს,” განაცხადა ჩავესმა. 56 წლის პრეზიდენტმა თქვა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საჭირო ყურადღებას არ უთმობდა. ”ეს ფუნდამენტური შეცდომა იყო,” აღნიშნა მან.

პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ მოსახლეობას ვიცე პრეზიდენტმა, ელიას ხაუამ მიმართა. მან მოქალაქეებს ერთობისა და დისციპლინისკენ მოუწოდა. კარაკასის ერთ-ერთ ეკლესიაში კი ჩავესის ასობით მომხრე შეიკრიბა და პრეზიდენტის სწრაფი გამოჯანმრთელებისა და სამშობლოში მისი მალე დაბრუნებისთვის ილოცა.


კომენტარები