NYT: სტროს-კანის საქმე ჩავარდნის პირას არის

გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორის, დომინიკ სტროს-კანის საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა. გაზეთ New York Times-ის ცნობით, პროკურატურას ეჭვები გაუჩნდა დაზარალებულის ჩვენების სისწორესთან დაკავშირებით. ამერიკული გამოცემა წერს, რომ დაზარალებულმა ქალმა - ნიუ-იორკის ერთ-ერთი სასტუმროს დამლაგებლმა,  გამომძიებლებთან რამდენჯერმე იცრუა. ეს ინფორმაცია New York Times-ს აშშ-ს სამართალდამცავი სისტემის ორმა ”საქმეში ჩახედულმა” პირმა მიაწოდა. გაზეთი წერს, რომ პროკურატურას დაზარალებულის  ”დიდად არ სჯერა.” გარდა ამისა გაირკვა, რომ  მოსარჩელე, რომელიც წარმოშობით გვინეიდან არის, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში არის ეჭვმიტანილი. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ  33 წლის ემიგრანტმა ქალმა აშშ-ში თავშესაფარი საეჭვო გარემოებაში მოიპოვა.

62 წლის დომინიკ სტროს-კანი, რომელიც საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ყველაზე ძლიერ კონკურენტად ითვლეობდა, 14 მაისს ნიუ იორკში დააპატიმრეს. მას დამლაგებელი ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი და 6 მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ სტროს-კანი ყველა ბრალდებას უარყოფს, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობა მაინც დატოვა. მან თქვა, რომ მთელ დროს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას დაუთმობს.  27 ივნისს სავალუტო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, კრისტინ  ლაგარდი აირჩიეს.

New York Times-ი წერს, რომ  ხუთშაბათს ბრალმდებლები სტროს-კანის ადვოკატებს შეხვდნენ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი დირექტორისთვის ბრალდების მოხსნის შესაძლებლობა განიხილეს. 

კომენტარები