
ფოტო: REUTERS
ამ ყველაფერმა რეალური შედეგი მოიტანა: მაროკოს მეფე მუჰამედ VI-მ და იორდანიის მეფე აბდულა II-მ ტახტი შეინარჩუნეს, ისინი კვლავ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლებად და რელიგიურ წინამძღოლებად ითვლებიან.
რეგიონში რევოლუციური ტალღის აგორებისთანავე მაროკოს ლიდერმა რადიკალური ნაბიჯები გადადგა. იგი კარგად ხვდებოდა, რომ საპროტესტო ტალღას ვერც მისი ქვეყანა გადაურჩებოდა, მაგრამ ცვლილებების შედეგად ხელისუფლებაში დარჩენის იმედი მაინც ჰქონდა. სანამ ხალხი უშუალოდ მის გადადგომას მოითხოვდა, იგი ახალი ინიციატივებით გამოვიდა. მარტში მუჰამედ VI-ის ბრძანებით კომისია შეიქმნა, რომლის მიზანიც ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა იყო. პირობა, რომ კონსტიტუციის ტექსტი მომდევნო თვეში რეფერენდუმზე გავიდოდა, არ შესრულდა. თუმცა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კანონპროექტი საკმაოდ დიდ და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მისი ამოქმედებისთანავე მონარქს შეეზღუდება უფლება – დანიშნოს ან გაათავისუფლოს ქვეყნის პრემიერი და სხვა მინისტრები, პროვინციების მმართველები და შედარებით დაბალი თანამდებობის პირები. ეს და კიდევ ბევრი სხვა უფლება, კონსტიტუციის თანახმად, ხალხის მიერ არჩეულ პრემიერ-მინისტრს მიენიჭება, რომელიც, თავის მხრივ, პარლამენტის წინაშე გამარტივებული პროცედურების გავლით წარდგება.

ფოტო: REUTERS
დიდი პროგრესის მიუხედავად, ეს ნაბიჯები დემოკრატიული სტანდარტებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს დგას. მაროკოელმა ხალხმა უკვე გააპროტესტა ხელისუფლების ინიციატივები, ისინი უფრო რადიკალურ და წინდახედულ რეფორმებს ითხოვენ. ერთ-ერთ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დიდ ნაწილს კონსტიტუციის მთლიანად შეცვლა სურს და არა მისი კონკრეტული მუხლების გადაკეთება. მათივე მოსაზრებით, საჭიროა მეფის პოლიტიკური ძალაუფლების შესუსტება. მონარქს წმინდანის ტიტულიც უნდა ჩამოერთვას.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როდის ჩატარდება მაროკოში დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა. ბევრი ეჭვობს, რომ რეფერენდუმის იდეა საერთოდ ჩაიშალა, ან დიდი ხნით გადაიდო.





