იაროსლავ კაჩინსკი ძმის სიკვდილს რუსეთს აბრალებს

პოლონური ოპოზიციური პარტიის, „უფლება და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით,  2010 წლის  10 აპრილს სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფაში მთავარი დამნაშავე რუსეთია. სმოლენსკის ავიაკატატროფას იაროსლავ კაჩისნკის ძმა, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია და პოლონეთის მმართველი ელიტის 90-ზე მეტი წარმომადგენელი ემსხვერპლა. გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ საზოგადოებას საკუთარი გამოძიების შედეგები წიგნის სახით წარუდგინა.   „თეთრი წიგნის“ ავტორი დეპუტატი და ადვოკატი ანტონ მაცერევიჩია. წიგნში მოცემულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსეთის საავიაციო უწყებას უნდა დაეკეტა სმოლენსკის აეროპორტი ძლიერი ნისლის გამო, თუმცა ეს არ გააკეთა. „პოლონელი პილოტები შეგნებულად გაგზავნეს სასიკვდილოდ,“ განაცხადა კაჩინსკის ადვოკატმა.

”თეთრი წიგნის” ავტორი ამბობს, რომ  რუსებმა  პოლონურ ეკიპაჟს არ გადასცეს  მეტეოროლოგიური მონაცემები, ხოლო დასაფრენად საჭირო კოორდინატები არასწორი იყო.  გარდა ამისა, მაცარევიჩის თქმით, თვითმფრინავის  დაშვების დასაწყისიდან  დისპეტჩერები წინასწარგანზრახულად აწვდიდნენ პილოტებს არასწორ ინფორმაციას და მონაცემებს. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ რუსებმა გაანადგურეს თვითმფრინავის ნარჩენები.

გავლენიანი პოლონური გაზეთის, Rzeczpospolita-ს ცნობით დასკვნის მეორე ნაწილში ბრალდებები  პოლონეთის  სახელმწიფო უწყებებსაც აქვს წაყენებული.    დასკვნის მიხედვით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ბიურომ, პირადად შს მინისტრმა ეჟი მილერმა  და  თავდაცვის სამინისტრომ არ იცოდნენ, იყო თუ არა სმოლენსკში სარეზერვო აეროდრომი, ვერ უზრუნველჰყვეს საპრეზიდენტო თვითმფრინავის გამართულობა, ასევე დაუშვეს, რომ ლაინერის ბორტზე ერთდროულად იმყოფებოდა მმართველი ელიტა სრული შემადგენლობით.

პოლონეთის სახელმწიფო დაცვის ბიურო და თავდაცვის სამინისტრო მაცერევიჩის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებენ. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამთავრობო კომისიის დასკვნას დაელოდებიან , რომელსაც შს მინისტრი ხელმძღვანელობს.

ოქტომბერში პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული.   რუსული გამოძიების შედეგებმა, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას პოლონელ პილოტებს აკისრებს,  ბევრი პოლონელის უკმაყოფილება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი პრემიერის  პარტიის რეიტინგი აღემატება იაროსლავ კაჩინსკის პარტიის რეიტინგს, მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ სმოლენსკის ავიაკატასტროფა წინასაარჩევნო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდება. კაჩინსკიმ პრემიერ ტუსკის პოზიციას ავიაკატასტროფის რუსულ გამოძებასთან დაკავშირებით უკვე უწოდა ”მოღალატური.” 

კომენტარები