გვალვა სომალიში

სომალიში სამხედრო კონფლიქტებს გვალვაც დაემატა, რომელმაც ათეულ ათასობით ადამიანის მიგრაცია გამოიწვია. ქვეყნის დიდ ნაწილში უკვე ორი წელია წვიმა არ მოსულა. წითელმა ჯვარმა და სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განგაშის ზარს შემოკრეს. მათი განცხადებით ახლანდელი ჰუმანიტარული კრიზისი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძიმეა.  წითელი ჯვრის წარმომადგენლების განცხადებით, სამხედრო დაპირისპირებამ და გვალვამ პრაქტიკულად მთელი ქვეყანა მოიცვა, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობას კი უფრო და უფრო უჭირს უსაფრთხო ადგილის პოვნა. საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება. მრავალი ადამიანი დედაქალაქ მოგადიშუში მიდის, რომელსაც სამთავრობო ძალები და სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ. მათ შორის შეიარაღებული დაპირისპირება პრაქტიკულად არასდროს არ წყდება.

წითელი ჯვრის მონაცემებით, სომალელი ბავშვების მეხუთედი საკვების მწვავე უკმარისობის პირობებში ცხოვრობს. მათი სამი მეოთხედი ქვეყნის სამხრეთ, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად პროვინციებზე მოდის.

მსოფლიოში დაახლოებით 600,000 სომალელი ლტოლვილია, თავად ქვეყნის ფარგლებში კი იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 1.5 მილიონს აღწევს.

კომენტარები